ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერება

ადვოკატების მოთხოვნა მოსამართლის აცილების შუამდგომლობაზე არ დაკმაყოფილდა

ანდრო ჭიჭინაძის და საპროტესტო აქციებზე დაკავებული კიდევ 10 მოქალაქის სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ანდრო ჭიჭინაძისა და სისხლის სამართლის წესით დაკავებული კიდევ 10 ადამიანის პატიმრობაზე მსჯელობდნენ, ადვოკატებმა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოთხოვნა  მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

10 იანვარს, სასამართლო სისხლის სამართლის წესით დაკავებული მხოლოდ  11 ადამიანის პატიმრობის (ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, რევაზ კიკნაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილისა და სერგეი კუხარჩუკის) საკითხს განიხილავს. წინასასამართლო სხდომა 5 მარტამდე გადაიდო. დაკავებულების საქმეები ერთ წარმოებად არის გაერთიანებული, რასაც ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი ხელოვნურს უწოდებს.

11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლოს ეზოში სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, მოქალაქეები, ბიზნესმენები და დაკავებულთა ოჯახის წევრები არიან შეკრებილნი.

კომენტარები