ევროკავშირი

პოლონეთი EU-ს საბჭოს თავმჯდომარეობის დაწყების ღონისძიებაზე უნგრეთის ელჩს არ მიიწვევს

Getty Images

პოლონეთის ევროპული საქმეების მინისტრის მოადგილის, მაგდალენა სობკოვიაკ-ჩარნეცკას ცნობით, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დაწყების ღონისძიებაზე პოლონეთში უნგრეთის ელჩსა და უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს არ უმასპინძლებენ. 

"ჩვენ მთლიანი დიპლომატიური კორპუსი დავპატიჟეთ, თუმცა, ბატონ რომანოვსკისთან შექმნილი ვითარების შემდეგ. მინისტრმა შიკორსკიმ უნგრეთის ელჩს გაუგზავნა შეტყობინება, რომ თეატრში სასურველი სტუმარი არ არის". - თქვა პოლონეთის ევროპული საქმეების მინისტრის მოადგილემ, მაგდალენა სობკოვიაკ-ჩარნეცკამ. 

სობკოვიაკ-ჩარნეცკას თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი უნგრეთის მხრიდან პოლონეთის ყოფილი მმართველი პარტიის, კანონისა და სამართლის დეპუტატის, მარჩინ რომანოვსკისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემა გახდა. 

პოლონეთში რომანოვსკის წინააღმდეგ საჯარო თანხის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით 11 ბრალი არის წარდგენილი. 

პოლონური გამოცემის, Onet-ის მიხედვით, უნგრეთის ელჩი აქამდე ღონისძიებაზე მიწვეული იყო და რამდენიმე კვირის წინ მისი დასწრებაც დაადასტურა. 

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოცემა POLITICO-ს მიწერა, რომ პოლონეთის გადაწყვეტილებას "საცოდავად" და "ბავშვურად" აფასებენ. 

"საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს თქმით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კოლეგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ორი სიტყვა არის არის შეჯიბრში: საცოდავი და ბავშვური". - წერია სამინისტროს წერილში. 

1 იანვარს პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და მას მომდევნო 6 თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს. მანამდე, 2024 წლის მეორე ნახევარში, 6 თვის განმავლობაში, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა უნგრეთი იყო.

კომენტარები