ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

კობახიძე შსს-ს 11 პირს ღირსების ორდენით დააჯილდოებს, მათ შორის სანქცირებულებსაც

ივანიშვილის პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ მთავრობა ღირსების ორდენით დააჯილდოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამდებობის პირს, მათ შორის, აშშ-ს მიერ სანქცირებულ პირებსაც. 

კობახიძის თქმით, იმ პირებისთვის, რომლებმაც აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სანქციებიდან რაიმე ფინანსური დანაკლისი მიიღეს, "ქართული სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსირებას". 

"დანაკლისის კომპენსირება", ღირსების ორდენით დაჯილდოებასთან ერთად კი, ივანიშვილის პრემიერმინისტრის თქმით, "პასუხია ღირსეულ ქმედებებზე, რომლებსაც შსს-ს [აღნიშნული] წარმომადგენლები ახორციელებდნენ". 

"თუკი რომელიმე მოხელეს წარმოექმნება რაიმე ფინანსური დანაკლისი ამ სანქციებიდან, ქართული სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსირებას - ეს ერთი.

ეს არ არის მარტო სანქციებზე პასუხი, ეს არ არის მხოლოდ უსამართლო გადაწყვეტილებაზე პასუხი, ეს არის პირველ რიგში პასუხი ღირსეულ ქმედებებზე, რომლებსაც ახორციელებენ შსს-ს წარმომადგენლები. 

ეს არის ღირსებაზე და ჰუმანურობაზე პასუხი. 

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ინაუგურაციის შემდეგ ღირსების ორდენზე წარვადგინოთ შსს-ს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები. 

ესენი გახლავთ, 11 თანამდებობის პირზეა საუბარი: შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცეპრემიერი ვახტანგ გომელაური, შს მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე, შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, შს მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, შს მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თემურ კუპატაძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი, გდდ-ს დირექტორის მოადგილე მილერი ლაგაზაური, გდდ-ს დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე.

[ყაველაშვილის] ინაუგურაციის შემდეგ შსს-ს 11-ვე წარმომადგენელი იქნება წარდგენილი ჩვენი მხრიდან ღირსების ორდენზე". - თქვა კობახიძემ პრესბრიფინგზე. 

ცნობისთვის, გუშინ, 19 დეკემბერს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს მაგნიტსკის აქტის ფარგლებში ფინანსური სანქციები დაუწესა

ამასთან, ამავე დღეს ივანიშვილის შს მინისტრი გომელაური, 4 სხვა პირთან ერთად, დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმაც. 

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სრული სია:

  1. ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი
  2. ალექსანდრე დარახველიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
  3. სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
  4. ზვიად ხარაზიშვილი ("ხარება") - გდდ-ს ხელმძღვანელი
  5. მილერი ლაგაზაური - გდდ-ს ხელმძღვანელის მოადგილე

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება, მოადგილე მილერი ლაგაზაურთან ერთად აშშ-ს მიმდინარე წლის 16 სექტემბერს დაასანქცირა. 

კომენტარები