ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერება

არავინ იცის აღსრულდება თუ არა - კახიანი EU-ს გადაწყვეტილებაზე დიპლომატიურ პასპორტებზე

ოცნების დეპუტატმა, გიორგი კახიანმა, ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ეს პრაქტიკაში არაფერს შეცვლის, თუმცა "რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის."

ამის შესახებ კახიანმა რუსთავი 2-ის ეთერში ილაპარაკა. მისი თქმით, მას აქვს შთაბეჭდილება, რომ "რაღაც აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო" და ევროკავშირმა აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო.

"როდესაც გაუთავებლად არის საუბარი, რომ სანქციები უნდა გამოვიყენოთ და იქ ვიზალიბერალიზაცია უნდა შევზღუდოთ და ასე შემდეგ, ამას ყველაფერს როგორც ჩანს ასეთი გადაწყვეტილება მოაყოლეს. ამას პრაქტიკული და ფაქტობრივი თვალსაზრისით რა მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, არ არის ეს სასიამოვნო, ამას არავინ იტყვის, რა მოხდა ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღესო, მაგრამ ფაქტობრივად ეს ხომ არაფერს ცვლის. დიპლომატიური პასპორტი რას გულისხმობს, რომ მოწვევა უნდა იყოს ქვეყნიდან და შემდეგ მოწვევის საფუძველზე ამ პასპორტით მიდიხარ შესაბამისი მიზნებით. ფაქტობრივად, ყველა იმ პირს, ვისაც დიპლომატიური პასპორტი აქვს, ჩვეულებრივი პასპორტებიც აქვთ და ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ჩვეულებრივად იქნება შესაძლებელი.

მაგრამ როგორც ჩანს ამას სხვა დატვირთვა ჰქონდა, ის დატვირთვა, რომ პოლიტიკურად რაღაც გადაწყვეტილება მიღებულიყო, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ არავინ იცის მართლა მოხდება თუ არა ამ გადაწყვეტილების აღსრულება. დაკავშირებული არის ევროკავშირის მთელ რიგ პროცედურებთან, ნუ ამასაც ვნახავთ, ეს მოხდება თუ არა რეალურად..." - ამბობს კახიანი.


"დღეს ჩვენ შევთანხმდით, საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საჭიროებაზე და ევროკომისია წელსვე გააკეთებს განაცხადს ამის თაობაზე" - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

16 დეკემბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საჭიროებაზე შეთანხმდნენ, ევროკომისია კი ამაზე წინადადებას წელსვე წარადგენს. 

კალასის განცხადების ფორმულირება იძლევა იმგვარი წაკითხვის შესაძლებლობას, რომ უვიზო მიმოსვლა უჩერდებათ პირებს, რომლებიც დიპლომატიურ პასპორტს ფლობენ და ეს შეზღუდვა ვრცელდება ამ პირების სხვა, არადიპლომატიურ დოკუმენტაციაზეც - თუმცა, ეს ჯერ დანამდვილებით არ ვიცით და ნიუანსირებული არ არის.

კომენტარები