საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა თქვა, რომ ევროპული საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საჭიროებაზე შეთანხმდა, ევროკომისია კი ამაზე წინადადებას წელსვე წარადგენს.
ამის შესახებ კალასმა EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების 16 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
"სიტუაცია ქართველი ხალხისთვის დადებითი მიმართულებით არ ვითარდება, დემოკრატიები არ ჩაგრავენ ოპოზიციურ ხმებს და მედიის თავისუფლებას არ ზღუდავენ.
საპასუხოდ, პოლიტიკური კონტაქტები შევზღუდეთ და საქართველოს ხელისუფლების დაფინანსება შევწყვიტეთ. დღეს დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საჭიროებაზე შევთანხმდით და კომისია ამაზე წინადადებას უკვე ამ წელს წარადგენს". - თქვა კალასმა.
კალასმა ასევე აღნიშნა, რომ სხდომაზე ქართული ოცნების რეჟიმის წარმომადგენლებზე პიროვნული სანქციების დაწესება განიხილეს.
"ასევე განვიხილეთ იმ ქართველი თანამდებობის პირების სანქცირება, რომლებიც მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხს აგებენ". - თქვა კალასმა.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე თქვა, რომ ევროკავშირის ქართველი ხალხის გვერდით დგომას განაგრძობს და აპირებს, რომ საქართველოს ხელისუფლების დაფინანსება სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელი მედიას მოახმაროს.
"ამიერიდან, გავაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას, მათ შორის, ხელისუფლებიდან სამოქალაქო საზოგადოების, ქართველი ხალხისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართულებით დაფინანსების გადამისამართებით, რადგან საქართველოს მომავალი, ისევე როგორც სირიაში [...], ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, როგორი შეიძლება იყოს მომავალი". - თქვა კალასმა.
მანამდე, რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება დაიწყო.
ასევე შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 დეკემბერს, იოზვიაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ EU საქართველოს ოფიციალურ პირებს სანქციებს არ დაუწესებდა, მაგრამ, სავარაუდოდ, დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდებოდათ.
"უნგრეთი და რამდენიმე სხვა ქვეყანა ამის წინააღმდეგ არიან. რაც შესაძლოა მოხდეს, არის საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, თუმცა ამის განხორციელებას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს" - წერდა რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი X-ზე