არჩევნები 2025

ოცნებამ I მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც 2025 წლის არჩევნები 2017 წლის წესით ჩატარდება

ქართული ოცნებამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. ახალი კანონპროექტის მიხედვით, 2025 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იგივე წესით ჩატარდება, როგორითაც 2017 წელს ჩატარდა, ხოლო 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების მიღებული წესები უქმდება.

კანონი პარლამენტში მმართველი პარტიის დეპუტატმა, გივი მიქანაძემ წარადგინა. 

ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა კანონი 87 ხმით ერთხმად მიიღო.  

"იმ საჭიროებიდან გამომდინარე და იმ, პირველ რიგში, მოთხოვნიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენი მოსახლეობიდან მომდინარეობს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავაბრუნოთ ის ფორმატი, რომელიც სამართლიანად ასახავს იმ მოცემულობას და, რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეების საჭიროებას და მოთხოვნას, რაც 2021 წლამდე მოქმედებდა, ანუ იგივე ფორმატი ზუსტად, რაც 2017 წელს იყო ასე ვთქვათ განსაზღვრული.

ამ ფორმატის მიხედვით,  თვითმმართველი თემის საკრებულო დაკომპლექტდება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისაგან და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა დასახლებიდან, სოფლიდან, დაბიდან, ქალაქიდან, რომლებიც შედის ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული თითო წევრისგან. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 4 000-ზე მეტია, მაგრამ 10 000-ს არ აღემატება, იქნება 2 მაჟორიტარი, სადაც 10 000-ზე მეტია და 20 000-ზე ნაკლები, იქნება 3 მაჟორიტარი, სადაც 20 000-ზე მეტია და 35 000-ზე ნაკლებია, იქნება 4 მაჟორიტარი და სადაც 35 000-ზე მეტია, იქნება 5 მაჟორიტარი. ეს წესი არ ვრცელდება ერთადერთი ქალაქ თბილისზე, სადაც, როგორც გითხარით, აღდგენილი იქნება ის სისტემა, რომლითაც ადრე იყო დადგენილი, რომ იქნება არჩეული 25 პროპორციული სისტემით და 25 მაჟორიტარული სისტემით, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ თითოეული საარჩევნო ოლქი [...] ცესკომ  განსაზღვროს, ასე ვთქვათ, თავისი ტერიტორიული პრინციპების მიხედვით დაყოს და, შესაბამისად, თითოეულ საარჩევნო ოლქს რამდენიმე მაჟორიტარი განუსაზღვროს". - თქვა მიქანაძემ.

მანამდე, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ზუსტად იმ წესით ჩატარდება, როგორითაც 2017 წლის არჩევნები ჩატარდა.

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები 2021 წლის ივნისში დაამტკიცა. "ამბიციური საარჩევნო რეფორმა" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისისას ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი პირობა იყო.

2017 წლისგან განსხვავებით, 2021 წლის საარჩევნო კოდექსით აიკრძალა არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. ასევე, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. გარდა ამისა, წინა არჩევნებზე აკრძალული იყო კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

მუნიციპალიტეტების საკრებულოების დაკომპლექტებისას 4%-დან 2.5% (თბილისი) და 3%-მდე (სხვა მუნიციპალიტეტები) შემცირდა საარჩევნო ბარიერი. ასევე, გაიზარდა პროპორციულად არჩეულ საკრებულოს წევრთა წილი. გარდა ამისა, ადგილობრივ ერთმანდატიან ოლქებში გასამარჯვებლად, ხმების უმრავლესობის ნაცვლად, კანდიდატებს 40%-ზე მეტი მხარდაჭერა უნდა მოეპოვებინათ.

 

კომენტარები