ბრაზილია

ბრაზილიის პრეზიდენტს ტვინში სისხლჩაქცევის გამო ოპერაცია ჩაუტარდა

ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა

ბრაზილიის პრეზიდენტს, ლუის ინასიუ ლულა და სილვას სან-პაულუში ტვინში სისხლჩაქცევის გამო ოპერაცია ჩაუტარდა. მთავრობის მიერ გამოქვეყნებული სამედიცინო ანგარიშის მიხედვით, ლულა თავს კარგად გრძნობს, ამჟამად ჰოსპიტალიზებულია და საავადმყოფოში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება

79 წლის პრეზიდენტი თავის ტკივილის გამო დედაქალაქ ბრაზილიაში საავადმყოფოში მივიდა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით კი გაირკვა, რომ მას ტვინში სისხლჩაქცევა ჰქონდა, რის შემდეგაც ის სან-პაულუს ცნობილ საავადმყოფოში, Sírio-Libanês-ში ოპერაციისთვის გადაიყვანეს. 

ექიმებმა ლულა და სილვას კრანიოტომია ჩაუტარეს, რაც თავის ქალადან ძვლის ნაწილის დროებით ქირურგიულ ამოღებას გულისხმობს. საავადმყოფოს განცხადების მიხედვით, ოპერაცია სირთულეების გარეშე ჩატარდა.

მანამდე, 19 ოქტომბერს, ლულა პრეზიდენტის სასახლის აბაზანაში დავარდა და თავის უკანა ნაწილი დაიზიანა. საავადმყოფოს განცხადების მიხედვით, პრეზიდენტის ტვინში სისხლის ჩაქცევა ამან გამოიწვია. 

დაზიანების შემდეგ ლულამ ექიმის რჩევით რუსეთში BRICS-ის ქვეყნების სამიტზე დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა, რამდენიმე დღის შემდეგ კი ჩვეული მუშაობა გააგრძელა. 

კომენტარები