ბელარუსი

ლუკაშენკოს მტკიცებით, ბელარუსში ათეულზე მეტი ბირთვული ქობინია განთავსებული

ალექსანდრ ლუკაშენკო 2023 წლის 21 მარტის მიმართვაზე.

ბელარუსის ავტოკრატი ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო ირწმუნება, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ერთ ათეულზე მეტი ბირთვული ქობინია განთავსებული.

"მე აქ შემოვიტანე ბირთვული ქობინები. არა ერთი ათეული. ბევრი წერს: "ეს ხუმრობაა, არავის არაფერი შეუტანია". შემოვიტანეთ. თუ ისინი ამბობენ, რომ ეს ხუმრობაა, ეს ნიშნავს, რომ თვალთახედვიდან გამორჩათ. ვერც კი შეამჩნიეს, როგორ შემოვიტანეთ." – თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ლუკაშენკოს მტკიცებით, თუ ბელარუსს თავს დაესხმებიან, ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად მზად იქნება.

"ბირთვული იარაღის გამოყენება დიდი პასუხისმგებლობაა. ჯერჯერობით ჰიროსიმასა და ნაგასაკის შემდეგ ბირთვული იარაღის ღილაკზე თითი არავის დაუჭერია, უძლიერეს დიდ სახელმწიფოებს, ბელარუსზე არაფერს ვამბობ. მაგრამ ყველა ჩემი მტერი, "მეგობარი" და მოწინააღმდეგე გავაფრთხილე: თუ დააბიჯებთ სახელმწიფო საზღვრის ხაზს, პასუხი დაუყოვნებელი იქნება. არ დავიწყებ გარჩევას, ბირთვულია იარაღი თუ რანაირი. ამაზე რუსებთან ჯერ კიდევ იქამდე შევთანხმდით, სანამ ბირთვულ იარაღს დააბრუნებდნენ. ეს ისეთი იარაღი არაა, როგორიც მათ მივეცით. აქ იყო სტრატეგიული იარაღი. ეს არის ტაქტიკური ბირთვული იარაღი, თუმცა, ალბათ, ხუთჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ეს ორეშნიკი." - თქვა ლუკაშენკომ.

ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი 2023 წლიდან არის განთავსებული. ამ საკითხზე მინსკი და მოსკოვი 2023 წლის 25 მარტს შეთანხმდნენ.

ამას გარდა, 28 ნოემბერს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სხდომის შემდეგ ლუკაშენკომ თქვა, რომ პუტინს "ეხუმრა", კონტინენტთაშორისი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა ორეშნიკის ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებაზე. ამ სისტემას ბირთვული შესაძლებლობა გააჩნია.

6 დეკემბერს პუტინმა მხარი დაუჭირა ლუკაშენკოს წინადადებას, რომ ბელარუსში ეს სარაკეტო სისტემა განეთავსებინათ. მათ მოაწერეს ხელი უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმებას. პუტინის თქმით, ორეშნიკის ბელარუსში განთავსება შესაძლებელი მომდევნო წლის მეორე ნახევარში იქნება.

21 ნოემბერს უკრაინა გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც კონტინენტთაშორისი რაკეტით იერიში მიიტანეს. სამიზნე ქალაქ დნეპრში მდებარე საწარმოები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო.

 

კომენტარები