ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

POSTV რობინ დანიგანის სახელით მცდარ განცხადებებს შეცდომაში შემყვანი ფორმით ავრცელებს

სამთავრობო პროპაგანდისტული გამოცემა POSTV საქართველოში აშშ-ს ელჩის, რობინ დანიგანის სახელით მცდარ განცხადებებს შეცდომაში შემყვანი ფორმით ავრცელებს.

პროპაგანდისტული გამოცემა რობინ დანიგანის სახელით სამ ყალბ განცხადებას ავრცელებს, რომლებშიც აქციის მონაწილეების კრიტიკა არის მოცემული. 

გამოცემა ყალბი ციტატების წარწერაში წერს, რომ "ასეთი უნდა იყოს ობიექტური ელჩის კომენტარი მომიტინგეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე", თუმცა არ აზუსტებს, რომ განცხადებები მცდარია და სინამდვილეს არ შეესაბამება. 

ტაბულასთან საუბრისას აშშ-ს საელჩომ დაადასტურა, რომ POSTV-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია და ელჩს მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებია. 

ინფორმაციის სიმცდარეზე ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა, მითების დეტექტორიც წერს.

მითების დეტექტორის ცნობით,  "ელჩის ციტატაზე გამოხმაურებით ჩანს, რომ მომხმარებლების ნაწილი მათ რეალურად აღიქვამს და სჯერა, რომ ელჩმა მომიტინგეების მხრიდან ძალადობა დაგმო". 

"POSTV-ის მიერ ელჩ რობინ დანიგანის ციტატის ამგვარად გავრცელებას მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს. სინამდვილეში, ელჩს მიმდინარე მოვლენებს მსგავსი განცხადებით არ გამოხმაურებია. ის არც ღია წყაროებში იძებნება და ციტატების ნამდვილობა საქართველოში აშშ-ის საელჩომაც უარყო". - წერს მითების დეტექტორი. 

28 ნოემბერს ივანიშვილის რეჟიმმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესს. იმავე საღამოს, თბილისსა და სხვა ქალაქებში თვითორგანიზებული საპროტესტო აქციები დაიწყო. ექვსი დღეა, სპეცრაზმი ძალადობრივად არბევს დემონსტრაციებს და აკავებს მოქალაქეებს. 

კომენტარები