თუ სალაშქროდ პირველად მიდიხარ, ალბათ, თავადაც გესმის, რომ საველე პირობებში ბევრ ისეთ გამოწვევას შეიძლება გადაეყარო, რასაც ყოველდღიურობაში ვერ შეხვდები. იმისთვის, რომ მსგავს სირთულეებს თავი წარმატებით გაართვა, აუცილებლად თან უნდა იქონიო პირველადი დახმარების ჩანთა, რომელიც მედიკამენტებს, საგანგებო სიტუაციაში თვითგადარჩენისთვის საჭირო იარაღებსა და სხვა კრიტიკული მნიშვნელობის ნივთების სიას მოიცავს. თუ გაინტერესებს კონკრეტულად რა სიაზეა ლაპარაკი, მაშინ დაწვრილებით გაეცანი ჩვენს რეკომენდაციებს. ქვემოთ მოცემული რჩევები ლაშქრობისთვის მოსამზადებლად დაგეხმარება.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთების სია
იმისთვის, რომ საგანგებო სიტუაციაში საკუთარ თავსა და გარშემო მყოფებს დახმარება დროულად აღმოუჩინო, აუცილებლად დაგჭირდება ელასტიური ბინტი და პლასტირები. მათი გამოყენება წყლულების მოსაშუშებლად, ნაკაწრებზე და უმნიშვნელო ჭრილობაზეც შეგიძლია. შედარებით დიდი ზომის ჭრილობის დასამუშავებლად სტერილური ბინტი დაგჭირდება, რაც ინფექციის რისკს შეამცირებს. გაითვალისწინე, კარგი იქნება თუ სხვადასხვა ზომის სახვევებს წაიღებ თან. არ დაგავიწყდეს ჩანთაში მაკრატელი და პინცეტიც ჩადო. ასევე, სამოგზაუროდ წასვლამდე აუცილებლად ისწავლე ჭრილობებისა და ტრავმირებული კიდურების გადახვევის ტექნიკა, რათა საჭიროების შემთხვევაში, ამ ნივთების გამოყენება შეძლო.
საჭირო მედიკამენტები
სალაშქრო პირველადი დახმარების ჩანთაში აუცილებლად უნდა გედოს ტკივილგამაყუჩებლები და ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტები. წინასწარ გაეცანი მათი მოხმარების ინსტრუქციას. ბუნებაში გასვლისას საკმაოდ ხშირია მწერებისგან დაკბენის შემთხვევები. ალერგიული რეაქციისგან თავის დასაცავად ყველა საჭირო პრეპარატი თან უნდა იქონიო. ტრავმის მიღების შემთხვევაში ან ნებისმიერი ტიპის ტკივილის შესამსუბუქებლად ტკივილგამაყუჩებლები დაგეხმარება.
მზისგან დამცავი საშუალებები
ლაშქრობის დროს ხშირად მოგიწევს მზის ქვეშ სიარული, რამაც შესაძლოა დამწვრობა და ტუჩების გამოშრობა გამოიწვიოს. ამიტომ ქუდთან და სათვალეებთან ერთად აუცილებლად თან უნდა იქონიო მზისგან დამცავი SPF კრემი და ტუჩის ჰიგიენური პომადა.
როგორ ავირიდოთ თავიდან გაუწყლოება
იმ შემთხვევაში, თუ საკმარისი რაოდენობით სითხეს არ მიიღებ, დიდ ხანს მზის ქვეშ სიარულმა გაუწყლოებაც შეიძლება გამოიწვიოს. სასურველია, პირველადი დახმარების ჩანთის ჩალაგებისას ელექტროლიტებიც გაითვალისწინო. სურვილისამებრ, ფხვნილი ან ტაბლეტი შეგიძლია შეიძინო. ელექტროლიტები ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის დონის, მჟავებისა და ფუძეების ბალანსის კონტროლს. ასევე ეხმარება კუნთებისა და ნერვული სისტემის აქტივობას, გულისცემისა და სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციების კონტროლს.
ნივთები რომლებიც საგანგებო სიტუაციაში გვადგება
ზემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო საშუალებების გარდა, პირველადი დახმარების ჩანთაში აუცილებლად უნდა გედოს თვითგადარჩენისთვის საჭირო ინსტრუმენტებიც, რომლებიც საგანგებო სიტუაციაში გამოგადგება. ასეთი ნივთებია: სასტვენი, სარკე და მრავალფუნქციური დანა. გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს, მაგალითად თუ დაიკარგე, გზა აგებნა ან ჯგუფის რომელიმე წევრი დაშავდა, გარე სამყაროსთვის ხმის მიწვდენას სასტვენის ან სარკის დახმარებით შეძლებ. დანა კი ლაშქრობის განუყოფელი ნაწილია. ეს იარაღი ყოველდღიურ სირთულეებთან გამკლავებაში დაგეხმარება.
როგორ ჩავალაგოთ ჩანთა
მნიშვნელოვანია, რომ ზურგჩანთის ჩალაგებისას პირველადი დახმარების ჩანთა მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ადგილას მოათავსო, რათა საჭირო დროს სწრაფად და მარტივად მოიმარჯვო ატრიბუტები. თავის დაზღვევის მიზნით, სასურველია, ეს ნივთები წყლისგან დამცავ პაკეტებში ჩააწყო.
შეჯამება
თუ ეს შენი პირველი ლაშქრობაა, შესაძლოა ღელავდე, რაც სრულებით ბუნებრივია, თუმცა სანერვიულო არაფერია. თუ ჩენს რეკომენდაციების გათვალისწინებ, შენი პირველადი დახმარების ჩანთაში ყველა საჭირო ატრიბუტი მომარაგებული გექნება. ასე რომ, საჭიროების შემთხვევაში, წარმატებით გაუწევ დახმარებას, როგორც სხვებს, ისე საკუთარ თავს.