არჩევნები 2024

პრეზიდენტი: ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი მოთხოვნა - ჩატარდეს ახალი არჩევნები

პირველი ეტაპი არის საკონსტიტუციო სარჩელი, მაგრამ ამის იქით, ჩვენ გვაქვს ერთი მოთხოვნა და მხოლოდ ერთი, რომელიც ასევე არის კონსტიტუციური მოთხოვნა, როცა არ შედგა არჩევნები, როცა გაყალბდა არჩევნები, როცა მოპარული იქნა ხალხის ხმა, ერთადერთი გზა სტაბილური, მშვიდობიანი, რაც არსებობს მსოფლიოში არის ახალი არჩევნები. არავის არ გამოუგონია სხვა რამე, ყველა სხვა გზა მიდის ფრუსტრაციისკენ და უფრო მეტი არასტაბილურობისკენ. თუ გვინდა, რომ ჩვენ ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოზე, უნდა მივცეთ მის მოსახლეობას საშუალება, რომ დაიბრუნოს თავისი ხმა, ამითი დაწყნარდეს და ხელახლა გამოხატოს თავისი ნამდვილი ნება გაყალბების გარეშე. 

ამისთვის ჩვენ ასევე უნდა ვიმუშაოთ და ესეც ითქვა დღეს, რომ ყველამ და პირველ რიგში პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც იყვნენ ჩართული ამ პროცესში, უნდა შეიმუშაონ, თუ როგორი უნდა იყოს პირობები ახალი არჩევნების იმისთვის, რომ ჩვენ არ აღმოვჩნდეთ იმავე მდგომარეობაში, არ მივცეთ იმავე ბერკეტები გაყალბებისა ანუ არის რამდენიმე ძალიან კონკრეტული ნაბიჯი გადასადგმელი იმისთვის, რომ დაცული იყოს რეალურად ეს არჩევნები და ამაზე უნდა შეთანხმდნენ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები, რომ ჩვენ ეს გეგმა არჩევნების დაცვის წარმოვადგინოთ თუნდაც, როცა ჩამოვა ტექნიკური მისია, რომელიც მზადდება ევროკავშირის მხრიდან. 

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე. 

კომენტარები