ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

PACE: თბილისში მშვიდობიანი დემონსტრაციების სასტიკ რეპრესირებას მკაცრად ვგმობთ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობა დაგმო და ქართული ოცნების მიერ EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებაზე შეშფოთება გამოთქვა.

ასამბლეის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება საქართველოში ცუდად აისახება იმ რეფორმების გატარებაზე, რომლებიც "კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისთვის" არის საჭირო. 

PACE ასევე "მკაცრად გმობს თბილისში ამ გადაწყვეტილების საპროტესტო მშვიდობიანი დემონსტრაციების სასტიკ რეპრესიებს,  როგორც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების დარღვევას".

"ასამბლეა ასევე შეშფოთებით აღნიშნავს, რომ მომიტინგეების უმეტესობა დააკავეს და ბრალი წარუდგინეს საბჭოთა პერიოდის ადმინისტრაციულ დანაშაულთა კოდექსის დებულებების ფარგლებში და იხსენებს, რომ მრავალჯერ მოუთხოვია, ეს კანონმდებლობა ახლით ჩანაცვლებულიყო, რომელიც ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნებოდა". - წერია განცხადებაში.

PACE ხაზს უსვამს, რომ ეს გარემოებები კიდევ უფრო "შემაშფოთებელია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფონზე". როგორც ორგანიზაცია საკუთარ სადამკვირვებლო ანგარიშზე დაყრდნობით წერს, არჩევნების გარემო არ უზრუნველყოფდა საჭირო პირობებს საიმისოდ, რომ ამომრჩეველს „დაშინებისა და უადგილო ზეწოლისგან თავისუფლად ინფორმირებული არჩევანი გაეკეთებინა“.

PACE მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის სტატუსით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს.

"ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს, ევროპული ღირებულებების ერთგული დარჩეს და თავისი ვალდებულებები, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყანამ, სრულად შეასრულოს". - წერია განცხადებაში.

განცხადების ბოლოს აღნიშნულია, რომ PACE მზად არის, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და მინისტრთა კაბინეტის ახლო თანამშრომლობით საქართველოს ხელისუფლებასთან, დემოკრატიულ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძოდ, ახალგაზრდებთან კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში თანამშრომლობა გააგრძელოს.

კომენტარები