ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი მხრივ დღის წესრიგიდან ვხსნით ამ საკითხს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში.
ამდენი ხნის განმავლობაში, ჯერ ორი წელი კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის. კატასტროფა იყო, რაც ხდებოდა ჩვენი ქვეყნის თავზე, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა სიმშვიდე ქვეყანაში. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სწორედ იმ დროს დაიწყეს ჩვენი ქვეყნის დაშანტაჟება კანდიდატის სტატუსით და ეს გაგრძელდა თითქმის ორი წელი. 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის დეკემბრამდე გვაშანტაჟებდნენ კანდიდატის სტატუსით.
შემდეგ გაცვდა ეს შანტაჟის ინსტრუმენტი, მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი და დაიწყეს შანტაჟი უკვე მოლაპარაკებების გახსნით.
ეს ყველაფერი გრძელდება სამი წელია და არის ხელოვნური ინსტრუმენტი, რითაც ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას, პოლარიზაციის გაღვივებას, რადიკალიზმის გაღვივებას.
ეს ხომ უნდა დასრულდეს. ამიტომ ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს - დასრულდეს შანტაჟი ამ ყველაფრით. კეთილი ინებონ, თუ უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოვაწერ ხელს.
მაგრამ ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, ჩვენი მხრიდან, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ეს საკითხი არ დადგება დღის წესრიგში იმისთვის, რომ არავის დავუტოვოთ შანტაჟის ინსტრუმენტი.





