აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 26 ნოემბერს დაადასტურა, რომ მომდევნო დღის დილის 4 საათზე ადგილობრივი დროით, ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ამერიკისა და საფრანგეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევა.
ამ დროისთვის შეთანხმების ტექსტი გამოქვეყნებული არ არის, თუმცა ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი მიზანი საომარი მოქმედებების სამუდამო შეჩერებაა.
ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამი მიზეზი დაასახელა, რის გამოც იგი აღნიშნულ შეთანხმებას მხარს უჭერს. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ისრაელი შეძლებს, ირანულ საფრთხეზე კონცენტრირდეს. მეორე, ისრაელი ქვეყნის სამხედრო ძალებსა და აღჭურვილობას აღიდგენს და მესამე, ამ გზით ისრაელი ღაზის სექტორში ჰამასის იზოლირებას მოახერხებს.
საკითხში გარკვეული ლიბანური პოლიტიკური წყაროს მიხედვით, შეთანხმება, რომლის ამერიკელი მედიატორიც ამოს ჰოხშტეინი იყო, ხუთ გვერდსა და 13 ნაწილს მოიცავს, რომელთაგანაც რამდენიმე ძირითადი პირობის გამოყოფა შეიძლება:
საომარი მოქმედებების შეჩერება
გეგმის მიხედვით, საბრძოლო მოქმედებები ადგილობრივი დროით 27 ნოემბრის 04:00 საათზე შეწყდება.
ლიბანური წყაროს თქმით, ისრაელისგან მოელიან, რომ "ლიბანურ ტერიტორიაზე, ხმელეთის, ზღვისა და ჰაერის გამოყენებით, ნებისმიერი სახის სამხედრო ოპერაციებს შეწყვეტს, მათ შორის სამოქალაქო და სამხედრო სამიზნეებზე, და ლიბანის სამთავრობო ინსტიტუტებზე".
თავის მხრივ, ლიბანში მყოფი ყველა შეიარაღებული დაჯგუფება, იგულისხმება ჰეზბოლა და მისი მოკავშირეები, ისრაელის წინააღმდეგ მოქმედებებს შეწყვეტს, ამბობს ლიბანური წყარო.
ისრაელის სამხედროების გამოყვანა
ორმა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა გამოცემა Reuters-თან განაცხადა, რომ ისრაელის არმია მომდევნო 60 დღის განმავლობაში სამხრეთ ლიბანს სრულად დატოვებს, ხოლო ბაიდენის თქმით, სამხედროები თანდათანობით დატოვებენ ტერიტორიას და ორივე მხარის მოსახლეობა შეძლებს, საკუთარ სახლებში დაბრუნებას.
ლიბანელი მაღალჩინოსნების თქმით, ლიბანი ცდილობდა, რომ ისრაელის მხრიდან სამხედროების მყისიერი გაყვანა მოეთხოვა. თუმცა, ახლა მოელიან, რომ ისრაელელი სამხედროები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი თვის განმავლობაში დატოვებენ ლიბანს.
Reuters-თან ლიბანელმა მაღალჩინოსანმა ასევე თქვა, რომ შეთანხმება შეიცავს ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც როგორც ისრაელის, ასევე ლიბანის მხარე ინარჩუნებს თავის დაცვის უფლებას.
ჰეზბოლა ჩრდილოეთით გადაინაცვლებს და სამხრეთში ლიბანის არმია განლაგდება
შეთანხმების მიხედვით, ჰეზბოლას ტერორისტები სამხრეთ ლიბანში საკუთარ პოზიციებს დატოვებენ და გადაინაცვლებენ ლიტანის მდინარის ჩრდილოეთისკენ, რომელიც ისრაელის საზღვრიდან 30 კილომეტრის დაშორებით მიედინება.
ლიბანური წყაროს თქმით, ჰეზბოლას გაყვანა საჯარო არ იქნება. მისი თქმით, ტერორისტული დაჯგუფების ობიექტებს "დაშლიან", თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თავად დაჯგუფება გააკეთებს თუ არა ამას და შეძლებს თუ არა ჰეზბოლა პოზიციაზე არსებული სამხედრო შეიარაღების თან წაღებას.
Reuters-ის ცნობით, ლიბანის არმია ლიტანის მდინარის სამხრეთით 5 000-მდე ჯარისკაცს განალაგებს, მათ შორის ისრაელის საზღვართან მდებარე 33 სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან.
მონიტორინგის მექანიზმი
ლიბანის პარლამენტის სპიკერის მოადგილემ ელიას ბუ სააბმა Reuters-ს უთხრა, რომ ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებამდე მონიტორინგის საკითხი იყო.
სააბის თქმით, უკვე არსებული სამმხრივი მექანიზმი სამხრეთ ლიბანში გაეროს სამშვიდობო ძალებს (UNIFIL), ლიბანის არმიასა და ისრაელის არმიას შორის გაფართოვდება და აშშ-სა და საფრანგეთსაც მოიცავს, ხოლო მექანიზმს თავმჯდომარეობას აშშ გაუწევს.
ამასთანავე, ისრაელელმა მაღალჩინოსანმა და დასავლელმა დიპლომატმა გამოცემას უთხრეს, რომ ისრაელისგან მოსალოდნელი იქნება, რომ შესაძლო დარღვევების შესახებ მონიტორინგის მექანიზმს აცნობოს, ხოლო საფრანგეთი და აშშ ერთად გადაწყვეტენ, ჰქონდა თუ არა დარღვევას ადგილი.
პრეზიდენტმა ბაიდენმა და პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერთობლივ განცხადებაში პირობა დადეს, რომ აშშ და საფრანგეთი ერთად იმუშავებენ, რათა შეთანხმება სრულად იყოს დანერგილი.
ცალმხრივი დარტყმები ისრაელის მხრიდან
ისრაელელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ისრაელი ჰეზბოლაზე დარტყმებს გააგრძელებს, თუკი უსაფრთხოების მხრივ მისთვის საფრთხეებს აღმოაჩენენ, რაც, ისრაელის თქმით, ტერორისტული დაჯგუფებისთვის იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის გადაცემასაც მოიცავს.
Reuters-თან ისრაელელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ აშშ-ს დიპლომატიურმა წარმომადგენელმა ამოს ჰოხშტეინმა, რომელიც მოლაპარაკების პროცესს ხელმძღვანელობდა, პირდაპირ ისრაელის პრემიერს ბენიამინ ნეთანიაჰუს მისცა გარანტიები, რომ ისრაელი ლიბანში მსგავსი იერიშების მიტანას შეძლებს.
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დამტკიცების შემდეგ, ნეთანიაჰუმ წინასწარ ჩაწერილ ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომ "ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება ლიბანში. ჩვენ დავიცავთ შეთანხმებას და ძლიერად ვუპასუხებთ ნებისმიერი სახის დარღვევას. ერთად ჩვენ გამარჯვებამდე გავაგრძელებთ".
ისრაელელი მაღალჩინოსნების თქმით, ისინი დრონებს გამოიყენებენ, რათა ლიბანში ხმელეთზე გადაადგილებას მონიტორინგი გაუწიონ.
თუმცა, ლიბანელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ მსგავსი ჩანაწერი მიღწეულ შეთანხმებაში არ არის. მათი თქმით, ისინი შეეწინააღმდეგებიან ლიბანის სუვერენიტეტის დარღვევას ნებისმიერი სახით.
ამას გარდა, გამოცემა Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმების მიზანი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1701-ე რეზოლუციის შესრულება იქნება იმ იმედით, რომ ეს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს.
1701-ე რეზოლუცია 2006 წელს ისრაელსა და ლიბანს შორის 34-დღიანი ომის შემდეგ მიიღეს. რეზოლუციის მიხედვით, ისრაელს სამხრეთ ლიბანიდან ყველა სამხედრო ძალები უნდა გაეყვანა და ლიტანის მდინარის სამხრეთით ერთადერთი შეიარაღებული ჯგუფები გაეროს მშვიდობისმყოფელი ძალები და ლიბანის არმია უნდა ყოფილიყო. ამის მიუხედავად, ჰეზბოლამ არ დატოვა მდინარე ლიტანის სამხრეთი ტერიტორია, უარი თქვა განიარაღებაზე და ისრაელის საზღვრის სიახლოვეს რჩებოდა, ხოლო 2022 წლიდან ჰეზბოლამ ისრაელთან შეტაკებები განაახლა.





