დიდი ბრიტანეთის საელჩო მე-11 მოწვევის ერთპარტიული პარლამენტის პირველ სხდომას გამოეხმაურა. საელჩომ იმ ფაქტის შესახებ, რომ 26 ოქტომბრის საარჩევნო დარღვევები ჯერ კიდევ არ არის საფუძვლიანად ან დამოუკიდებელი გზით გამოძიებული, შეშფოთება გამოხატა და მთავრობას ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა.
"დღეს თვალყურს ვადევნებდით საქართველოს პარლამენტის სხდომას. კვლავ გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ დრომდე საფუძვლიანი ან დამოუკიდებელი გზით არ იქნა გამოძიებული.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება მისი საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. ვიზიარებთ ODIHR-ის მოწოდებას ხელისუფლების მიმართ, მშვიდობიანი პროტესტის ხელშეწყობისა და დიალოგში ჩართვის შესახებ". - განცხადებას აქვეყნებს დიდი ბრიტანეთის საელჩო.
ცნობისთვის, დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბა, რომელზეც მხოლოდ ერთი პარტია - ქართული ოცნება იყო წარმოდგენილი. სხდომა მოწვევის უხუცესმა წევრმა, ლადო კახაძემ გახსნა. კახაძის თქმით, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომისათვის რეგისტრაცია გაიარა საქართველოს პარლამენტის 89 წევრმა. ყველა დეპუტატი ქართული ოცნების წარმომადგენელი იყო.
ერთპარტიულმა პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
უფლებამოსილების ცნობას კენჭისყრაზე 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
პარლამენტში, სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც ოცნების საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო.
სხდომას დაესწრნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, ცესკოს თავმჯდომარე.
პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, რომლითაც მონაწილეები არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ. შენობას აქციის მონაწილეებისგან პოლიცია იცავდა.





