დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

მეტ გეიცმა ტრამპის ადმინისტრაციაში იუსტიციის მინისტრის პოსტზე უარი თქვა

21 ნოემბერს კონგრესმენმა მეტ გეიცმა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე უარი თქვა. მან ამის შესახებ თავის X-ზე დაწერა. გეიცის თქმით, მისი კანდიდატურა "უსამართლოდ იქცა ხელისშემშლელ ფაქტორად".

"გუშინ შესანიშნავი შეხვედრები მქონდა სენატორებთან. მე მადლიერი ვარ მათი გააზრებული გამოხმაურებისა და ამდენი ადამიანის წარმოუდგენელი მხარდაჭერის. იმის მიუხედავად, რომ ინერცია ძლიერი იყო, აშკარაა, რომ ჩემი დამტკიცება უსამართლოდ იქცა ტრამპისა და ვენსის ძალაუფლების გადაცემის პროცესის მნიშვნელოვანი მუშაობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად. ახლა არ გვაქვს ვაშინგტონის გაუგებარ დავებზე დასაკარგი დრო, ამიტომ, ვხსნი ჩემს კანდიდატურას იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან. ტრამპის იუსტიციის სამინისტრო პირველივე დღიდან უნდა იყოს მზად. მე დარწმუნებული ვარ, რომ დონალდ ტრამპი გახდება ისტორიაში ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი. ჩემთვის ყოველთვის პატივი იქნება, რომ დონალდ ტრამპმა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურა წარადგინა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის გადაარჩენს ამერიკას". - დაწერა გეიცმა X-ზე.

14 ნოემბერს აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე განაცხადა, რომ კონგრესმენ მეტ გეიცს იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დანიშნავდა.

ტრამპის განცხადებას გეიცი X-ზე გამოეხმაურა და თქვა, რომ თანამდებობაზე "მსახურობა მისთვის პატივი იქნება".

ტრამპის განცხადების გამოქვეყნების შემდეგ გეიცმა წარმომადგენელთა პალატაში თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა, რომელიც პალატის სპიკერის მაკი ჯონსონის თქმით, "მოქმედებაში დაუყოვნებლივ შედის".

"ეს ჩვენთვის ოდნავ მოულოდნელი იყო". - განაცხადა ჯონსონმა გეიცის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მეტ გეიცმა თანამდებობა დატოვა, რათა წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების მცირე უმრავლესობის ფონზე, მისი შემცვლელის დასახელების პროცესი სწრაფად წარიმართოს.

სანამ გეიცი კონგრესმენის პოსტს დატოვებდა, წარმომადგენელთა პალატის ეთიკის კომიტეტი იძიებდა ბრალდებებს, რომ გეიცი, სავარაუდოდ, იმ გეგმის ნაწილი იყო, რომელსაც 17 წლის გოგოს სექს-ტრეფიკინგი მოჰყვა, თუმცა მისმა გადადგომამ გამოძიების დასრულება გამოიწვია.

კომენტარები