ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძე გიორგი კალანდარიშვილის მიმართ "ბულინგის კამპანიას" და 16 ნოემბრის სხდომაზე შავი საღებავის შესხმის ფაქტს გამოეხმაურა. შარაბიძემ საერთაშორისო პარტნიორებს და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდა, "შეაფასონ მომხდარი ფაქტი და ღიად განაცხადონ, რამდენად ჯდება ის პროტესტის გამოხატვის საერთაშორისო, ევროპულ სტანდარტებში"
"16 ნოემბრის სხდომაზე მომხდარი ფაქტი, სოციალურ მედიაში მიმდინარე ბულინგის კამპანია, პირად სივრცეში შეჭრის მცდელობა და აქციები საცხოვრებელ სახლთან დიდი ხანია გასცდა პროტესტის გამოხატვის ცივილურ ფორმებს და ეთიკის საზღვრებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო პარტნიორები უყურადღებოდ არ დატოვებენ მომხდარს, ამასთან დაკავშირებით თავიანთ პოზიციებს ასახავენ საბოლოო ანგარიშებში და არ დაუშვებენ დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრატორების საქმიანობაში ჩარევის იმგვარი სტანდარტის შექმნის მცდელობას, როგორსაც ახლა ვხედავთ საქართველოში. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვადასხვა ჩართული მხარის მიერ ეს შესაძლოა იყოს აღქმული როგორც დასაშვები ქმედება, რაც თავის მხრივ ნეგატიურ, საზიანო და ხანგრძლივ გავლენას იქონიებს საარჩევნო კომისიების დამოუკიდებლობასა და ფუნქციონირებაზე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესზე. სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს შეაფასონ მომხდარი ფაქტი და ღიად განაცხადონ რამდენად ჯდება ის პროტესტის გამოხატვის საერთაშორისო, ევროპულ სტანდარტებში" - თქვა შარაბიძემ.
16 ნოემბერს, ცესკოს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.