ისტრის ბატალიონი - ვაგნერის ლეგიონი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვაგნერის ლეგიონი მალისა და ლიბანში ძალების გაგზავნას გეგმავს

ალექსანდრ კუზნეცოვის, იგივე რატიბორის შეხვედრა ისტრის ბატალიონის სამხედროებთან, 2024 წლის 16 ოქტომბერი.

ყოფილი ვაგნერელებისგან დაკომპლექტებული ისტრის ბატალიონი, იგივე ვაგნერის ლეგიონი აფრიკის ორ ქვეყანაში, ლიბიასა და მალიში ძალების გაგზავნას აპირებს.

ისტრის საქალაქო ოკრუგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტატიანა ვიტუშევას ტელეგრამ-არხზე გასულ დღეებში გამოქვეყნდა ვიდეოები, რომლებშიც საუბარია, რომ ყოფილი ვაგნერელი მეთაურების დანაყოფებმა "შორეულ მიმართულებებზე" რეკრუტირება დაიწყეს. ვიტუშევა ბოლო თვეების განმავლობაში ვაგნერის ლეგიონს აქტიურად არეკლამებს. 

აქამდე, ოქტომბრის ბოლოს უკვე ცნობილი იყო, რომ ისტრის ბატალიონი აფრიკაში ძალების გაგზავნას აპირებდა, თუმცა უცნობი იყო ზუსტი მიმართულებები.

10 ნოემბერს გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, მალის მიმართულებას კურირებს კსკ ვაგნერის მე-2 მოიერიშე დანაყოფის ყოფილი მეთაური, ანდრეი ივანოვი, ზედმეტსახელად კეპი. რაც შეეხება ლიბანის მიმართულებას, მისი კურატორი კსკ ვაგნერში ალექსანდრ რატიბორ კუზნეცოვის ყოფილი მოადგილე, ზედმეტსახელად რადიმირი იქნება. როგორც ჩანს, რადიმირი რუსლან ჩლალიანია, რომელიც ჟურნალისტური გამოძიებების მიხედვით, 2024 წლის დასაწყისში ვაგნერის სახელით ხალხის მოხალისეების ცდილობდა. ცნობების მიხედვით, ის ვაგნერის პირველი მოიერიშე დანაყოფს წარმოადგენდა. ამ დანაყოფს წარსულში სწორედ რატიბორი მეთაურობდა. რაც შეეხება ჩლალიანს, მისი ზედმეტსახელი ჟურნალისტური გამოძიების მასალებში არა რადიმირი, არამედ ბატისტია.

15 ნოემბერს ვიტუშევას ტელეგრამ-არხზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ეწვია ისტრის ბატალიონის ცენტრს მათი ახალი თანამშრომელი, რადიმირი. ის გავრცელებულ კადრებში ამბობდა, რომ ლიბანში მძიმედ დაიჭრა და დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდა, შემდეგ კი რატიბორმა დაურეკა და ახალი სამუშაო შესთავაზა.

"ბიჭებო, უნდა გვესმოდეს, რომ კსკ ვაგნერმა არსებობა ჩვენი მეთაურის სიკვდილის დროს შეწყვიტა." – ამბობს რატიბორი ვიდეოში.

რატიბორი გასულ თვეებში რამზან კადიროვის სპეცრაზმ ახმატში საკუთარი პირველი მოიერიშე დანაყოფით გაწევრიანდა, თუმცა შემდეგში მან ამ ქვედანაყოფის მეთაურობა სხვა ვაგნერელს, ზედემტსახელად პიტერსკის გადააბარა. შემდეგში გავრცელდა ცნობა, რომ რატიბორი ისტრის ბატალიონის კურირებას იწყებდა, თუმცა, როგორც თავად ამბობდა, მასში არ წევრიანდებოდა. გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ რატიბორი კადიროველებთან და რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობას აგრძელებს.

ვაგნერელებთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხებიდან ირკვევა, რომ ე.წ. ვაგნერის ლეგიონი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პროექტს, აფრიკულ კორპუსს დაექვემდებარება.

მნიშვნელოვანია, რომ მალიში კვლავ რჩებიან კსკ ვაგნერის ძველი სტრუქტურის ძალები, რომლებიც მიანიშნებდნენ, რომ ცალკეული პირების მიერ მათი სიმბოლიკისა და "ბრენდის" გამოყენებით უკმაყოფილოები იყვნენ.

ვრცლად ისტრის ბატალიონის, იგივე ვაგნერის ლეგიონისა და ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანიის ბედის შესახებ წაიკითხეთ სტატიაში – ისტრის ბატალიონი – ყოფილი ვაგნერელების კიდევ ერთი დანაყოფი რუსეთის თავდაცვის სტრუქტურაში.

 

კომენტარები