ისტრის ბატალიონი, ასევე ცნობილი, როგორც ვაგნერის ლეგიონი აფრიკის კონტინენტზე მოხალისეების გაგზავნას აპირებს. რეკრუტირების ვიდეო ბატალიონის დანაყოფების ტელეგრამ არხებსა და სხვა სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ლეგიონი ყოფილი ვაგნერელებისგან შედგება.
მიუხედავად იმისა, რომ ლეგიონი კსკ ვაგნერის სიმბოლიკას იყენებს და მის შემადგენლობაში ამ კერძო სამხედრო კომპანიის მოიერიშე დანაყოფების ყოფილი მეთაურები შედიან, ის ვაგნერის ჯგუფის ოფიციალურ სტრუქტურას არ წარმოადგენს.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული კომენტარებიდან ირკვევა, ისტრის ბატალიონის მოხალისეებს მალიში გადაიყვანენ. ბატალიონი მოხალისეებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის დადებას სთხოვს. სავარაუდოდ, ე.წ. ვაგნერის ლეგიონის წევრები აფრიკულ კორპუსს დაექვემდებარებიან. ეს არის სტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აფრიკაში კსკ ვაგნერის გავლენების ჩანაცვლებას ცდილობს.
აფრიკაში ისტრის ბატალიონის ხელმძღვანელი ვაგნერის მე-2 მოიერიშე დანაყოფის ყოფილი მეთაური, ანდრეი ივანოვი, ზედმეტსახელით კეპი იქნება.
მალიში ჯერ კიდევ რჩებიან კსკ ვაგნერის ორიგინალი სტრუქტურის წარმომადგენლები და მეამბოხეებთან იბრძვიან. უცნობია იგეგმება თუ არა მათი ამ ქვეყნიდან გამოყვანა.
კსკ ვაგნერის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინის ჩავარდნილი აჯანყებისა და სიკვდილის შემდეგ ჯგუფმა აფრიკის კონტინეტზე ძალაუფლება ნაწილობრივ დაკარგა, თუმცა მათ ძალები შეინარჩუნეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში.
ბოლო ხანებში ისტრის საქალაქო ოკრუგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ქალაქში რუსეთის მმართველი პარტია ერთიანი რუსეთის თავმჯდომარე, ტატიანა ვიტუშევა აქტიურად არეკლამებდა ვაგნერის ლეგიონს.
16 ოქტომბერს ისტრის ბატალიონს ეწვია ჩეჩნურ სპეცრაზმ ახმატში გადასული ყოფილი ვაგნერელი მეთაური, ალექსანდრ რატიბორ კუზნეცოვი.
სხვადასხვა ქვედანაყოფებისა და პოლიტიკოსების მიერ კსკ-ს სიმბოლიკისა და "ბრენდის" გამოყენება ვაგნერის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე გააკრიტიკეს.
ვრცლად ისტრის ბატალიონზე, მის აგებულებასა და კსკ ვაგნერთან არსებულ უთანხმოებებზე წაიკითხეთ აქ – ისტრის ბატალიონი – ყოფილი ვაგნერელების კიდევ ერთი დანაყოფი რუსეთის თავდაცვის სტრუქტურაში.