საქართველოს ეკონომიკა

საქსტატი: 2023 წელს მშპ 11%-ით გაიზარდა, რეალური მშპ - 7.8%-ით

ადგილობრივი მოსახლე ალგეთის ხეობაში გზის პირზე ბოსტნეულს ყიდის
ტაბულა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 80 882.8 მილიონ ლარს გაუტოლდა. საქსტატის ცნობით, ეს 11.0%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით

ამასთან, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2023 წელს, წინა წელთან შედარებით 7.8% შეადგინა. 

საქსტატის ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (16.0%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.6%). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (9.6%), მშენებლობა (7.6%), სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (6.9%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა, სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.7%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.1%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (6.0%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.0%).

"2023 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (17.8%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (27.5%), მშენებლობა (15.0%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა, სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (15.6%), განათლება (18.0%), ტრანსპორტი და დასაწყობება (12.3%).

კლება იყო შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (3.4%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (19.6%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (2.0%)" - წერს საქსტატი.

კომენტარები