აშშ-ს რესპუბლიკელი კონგრესმენი და ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი, X-ზე ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც პრეზიდენტმა უოლცის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის გეგმა დააანონსა.
უოლცის თქმით, მისთვის ღრმა პატივია პრეზიდენტი ტრამპის მხრიდან მასში ჩადებული ნდობა. მისი თქმით, ამერიკა გაბედულ, შეუდრეკელ ლიდერობაზე ნაკლებს არ იმსახურებს და ტრამპი "ამას შეასრულებს".
"ამერიკას მოკავშირეები ახლოს ეყოლება, ჩვენ არ შეგვეშინდება მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირება, და ჩვენ ინვესტიციას ჩავდებთ ტექნოლოგიებში, რომელიც ჩვენს ქვეყანას სიძლიერეს შეუნარჩუნებს. ამერიკის ყველაზე დიდებული სიძლიერე მისი აყვავებული ეკონომიკა და ენერგო დომინირებაა, და ეს ინსტრუმენტები ჩვენ ომს აგვარიდებს თავიდან და მოგვცემს საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ლიდერები ძლიერების პოზიციიდან ვიყოთ". - წერს უოლცი.
ტრამპი ადასტურებს, რომ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად კონგრესმენ მაიკ უოლცს დანიშნავს
უოლცი კონგრესში პირველად 2018 წელს აირჩიეს, სადაც მან ფლორიდის ამჟამინდელი გუბერნატორი, რონ დესანტისი, ჩაანაცვლა. იგი ასევე მსახურობდა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა და სადაზვერვო კომიტეტებში.
ამასთანავე, უოლცი ჩინეთის წინააღმდეგ ხისტი პოლიტიკის გატარების მომხრედ ითვლება. მან 2021 წელს განაცხადა, რომ აშშ ჩინეთთან მიმართებით "ცივ ომში" იმყოფება.
2022 წელს უოლცმა უკრაინისთვის "ლენდ-ლიზის" ამოქმედებას დაუჭირა მხარი. მას ნათქვამი აქვს, რომ "უკრაინაში რუსეთის შეჩერება" აშშ-ს მხრიდან სწორი იქნება. ომის დაწყების შემდეგ კი უოლცი ბაიდენის ადმინისტრაციას 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე რუსეთის "ვერშეკავებისთვის" და ასევე სუსტი საგარეო პოლიტიკისთვის აკრიტიკებდა.
ამასთანავე ხაზგასასმელია, რომ 22 აპრილს მან აშშ-ს კონგრესში ფილმი "ბუჩამდე იყო აფხაზეთის" ჩვენებას უმასპინძლა. მანამდე, 2020 წელს უოლცმა, კიდევ 12 კონგრესმენთან ერთად, ხელი მოაწერა ანგარიშს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი "პუტინის ახლო მოკავშირედ" არის დახასიათებული.
რა პოლიტიკას ემხრობა უსაფრთხოებაში ტრამპის მომავალი მრჩეველი უკრაინასთან მიმართებით