დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ნეთანიაჰუ ირანელებს: ერთი რამ, რისიც ხამენეის რეჟიმს ისრაელზე მეტად ეშინია, ირანელი ხალხია

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, 27 სექტემბერი, 2024
Mike Segar/Reuters

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 12 ნოემბერს გამოქვეყნებულ ვიდეოში ირანელ ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ ირანის მხრიდან ისრაელზე მესამე თავდასხმა "უბრალოდ ირანის ეკონომიკას ჩამოშლის". ბოლო თვეებში, ეს ნეთანიაჰუს მხრიდან ირანელი ხალხის მიმართ მეორე ვიდეომიმართვაა.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელზე მორიგი იერიში ირანს "მილიარდობით დოლარით გაძარცვავს", რადგან, მისი თქმით, ოქტომბერში ისრაელზე მიტანილი იერიში თეირანს $2.3 მილიარდი დაუჯდა. მან ასევე დაამატა, რომ აღნიშნულმა თავდასხმამ ისრაელს უმნიშვნელო ზიანი მიაყენა.

"ამ თანხით შესაძლებელი იქნებოდა, თქვენს სატრანსპორტო ბიუჯეტს მილიარდები დამატებოდა. შესაძლებელი იქნებოდა, განათლების ბიუჯეტს მილიარდებით მეტი ჰქონოდა. მაგრამ სანაცვლოდ, ხამენეიმ რეჟიმის სისასტიკე გამოააშკარავა და მსოფლიო თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ განაწყო. მან თქვენ ის ფული წაგართვათ, რომელიც შესაძლოა, თქვენი ყოფილიყო". - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

"მე ვიცი, რომ თქვენ არ გსურთ ეს ომი". - გააგრძელა ნეთანიაჰუმ: "არც მე მსურს ეს ომი. ისრაელელ ხალხს ეს ომი არ უნდა. ერთი ძალაა, რომელიც თქვენს ოჯახს დიდ საფრთხეში აყენებს: თეირანის ტირანები, მხოლოდ ესაა".

მან ასევე დაამატა, რომ ერთადერთი რამ, რისიც "ხამენეის რეჟიმს ისრაელზე მეტად ეშინია ირანელი ხალხია". ნეთანიაჰუმ ირანელებს მოუწოდა, რომ იმედი არ დაკარგონ და განაცხადა, რომ "ისრაელი მათ გვერდით დგას".

კომენტარები