ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციონერები დააკავეს, მომიტინგეებმა გუმისთას ხიდი გადაკეტეს

სხვადასხვა ტელეგრამ-არხზე გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში მოულოდნელად, ძალადობრივი მეთოდებით დააკავეს ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები: ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია. 

დაკავებულები გუდაუთის მაცხოვრებლებთან შეხვედრიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც ისინი დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ დაკავებულების ნათესავები, მოქალაქეები და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა სოხუმის ცენტრში გადაინაცვლეს. მომიტინგეებს გადაკეტილი აქვთ გუმისთას ხიდი და დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

პარალელურად, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ადმინისტრაციასთან სამხედრო ტექნიკა განალაგეს.

მანამდე, აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. ოპოზიციამ 15 ნოემბერს საპროტესტო აქციის გამართვა დააანონსა. ამ დღეს ე.წ. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი რუსულ-აფხაზური საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებას გეგმავს.

კომენტარები