არჩევნები 2024

არანაირი კავშირი ე.წ. ყალბ და საეჭვო გვერდებთან არ გვაქვს – ცესკო ISFED-ს ეხმაურება

საარჩევნო ადმინისტრაცია ISFED-ის გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება. სამართლიანი არჩევნები წერდა სოციალური ქსელების 7 ყალბ და 15 საეჭვო გვერდზე, რომლებიც ჩართულნი არიან საარჩევნო ადმინისტრაციის სასარგებლო კამპანიაში.

"თავი რომ დავანებოთ ამ ე.წ. კვლევის "მასშტაბურობას“, სადაც საუბარია 7 ყალბ და 15 საეჭვო გვერდზე, მისი იმ დროს გამოქვეყნება, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარეობდა საარჩევნო დავების განხილვის უმნიშვნელოვანესი პროცესი, საეჭვოს ხდის ორგანიზაციის რეალურ მიზანს და ცხადად მიუთითებს მის დაინტერესებაზე ნებისმიერი ფორმით და საშუალებით დააზიანოს საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაცია. ამ შემთხვევაშიც, ეს ანგარიში დაინტერესებულმა მხარეებმა გამოიყენეს იმგვარად, თითქოს ამ ყველაფრის უკან საარჩევნო ადმინისტრაცია დგას.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ცალსახად აცხადებს, რომ არანაირი კავშირი ე.წ. ყალბ და საეჭვო გვერდებთან არ აქვს, არც ჰქონია და მომავალშიც არ განიხილავს ამგვარ არაკეთილსინდისიერ მექანიზმებს თავის საქმიანობაში.

სამართლიანობისთვის კარგი იქნეოდა, ორგანიზაციას იმავე ანგარიშში მიეთითებინა საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ უტყუარად დადასტურებული ყალბი და საეჭვო გვერდების ორგანიზებული შეტევების ფაქტები, განსაკუთრებით, 2020 წლიდან, რასაც სათავე მათ მიერ არასწორად დათვლილი პარალელური დათვლის შედეგების გამოცხადებამ დაუდო.

ნაცვლად იმისა, რომ 2020 წელს პარალელური დათვლის არასწორი შედეგების გამოქვეყნების შემდგომ, ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებს 2024 წელს გამოექვეყნებინა პარალელური დათვლის შედეგები, რითაც ცალსახად დადასტურდებოდა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების სისწორე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ დღემდე, ისინი საზოგადოებაში მცდარი აღქმების დათესვას და ამით საკუთარი მოქმედების თუ უმოქმედობის გამართლებას ცდილობენ.

ამასთან, ნათელი ხდება, რატომ არ მოაწერა აღნიშნულმა ორგანიზაციამ ხელი ცესკოსა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს შორის გაფორმებულ ქცევის (ეთიკის) კოდექსს, პირველად ბოლო წლების განმავლობაში. მით უმეტეს, რომ აღნიშნული კოდექსის შემუშავების ერთერთი მონაწილე და ინიციატორი თავად გახლდათ" - წერია ცესკოს განცხადებაში.

სამართლიანი არჩევნების (ISFED) დაკვირვებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მხარდამჭერ კამპანიაში ჩართული 7 ყალბი და 15 საეჭვო Facebook-პროფილი გამოიკვეთა.

"არაავთენტური ანგარიშები, რომელთა ნაწილიც სხვის იდენტობას იპარავს, ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე კოორდინირებულად და მრავალჯერ აკომენტარებენ. აღსანიშნავია, რომ თითოეულ პოსტზე არაავთენტური ანგარიშების კომენტარები ხშირად იდენტური ან მსგავსი შინაარსისაა" - წერია ISFED-ის განცხადებაში. 

 

კომენტარები