არჩევნები 2024

დაიცავი შენი ხმა, ვითხოვ ახალ არჩევნებს – ძლიერმა საქართველომ FACEBOOK პლატფორმა შექმნა

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, მათ Facebook-ზე ახალი ჯგუფი შექმნეს, სადაც, მისივე განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ცესკოს მიმართონ და მათგან არჩევნების შედეგების გაბათილება და ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვონ. პლატფორმის გამოყენება და ცესკოსთვის მიმართვა იმ ემიგრანტებსაც შეეძლებათ, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცათ.

"მინდა, გაგაცნოთ ძლიერი საქართველოს ახალი ინიციატივა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს შესაძლებლობას მისცემს, რომ მიტაცებული არჩევნების მიმართ მკაფიო მიუღებლობის დაფიქსირებასა და საქართველოში არჩევნების, როგორც დემოკრატიული ინსტრუმენტის დაბრუნებაში აქტიური როლი შეასრულოს. ეს არის ინიციატივა, რომელიც თითოეულ ადამიანს საშუალებას მისცემს, ცესკოს ოფიციალური განაცხადით მიმართოს და მისგან იმ ნაბიჯების გადადგმა მოითხოვოს, რაც მას ევალება და აქამდე ჩვენი მიმართვის საფუძველზე ჯიუტად არ დგამს [...]

კონკრეტული ინსტრუმენტები შევქმენით, რომელიც ამ პროცესში საქართველოს ყველა მოქალაქეს როლს უბრუნებს და ძალას აძლევს, რომ არჩევნების დაბრუნების პროცესში ჩაერთოს. Facebook-ზე შევქმენით ჯგუფი, სადაც გაწევრიანება ყველა მსურველს შეეძლება. ჩვენ იქ ინფორმაციას ყოველდღიურად მოგაწვდით. ჯგუფში განცხადებების ფორმით, სამართლებრივად დასაბუთებული, საქართველოს კანონმდებლობაზე დაფუძნებით შედგენილი 2 ინსტრუმენტი განთავსდება, რომლის გამოყენებაც მოქალაქეებს შეეძლებათ.

ერთი ემიგრანტებისთვის მომზადდა, რომ მათ ცესკოს მიმართონ და დაადასტურონ, რომ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცათ [...] ემიგრანტებს შეეძლებათ, ცესკოს მიმართონ და მათგან მოითხოვონ, გასაჯაროვდეს, ვერიფიკაციის ხელმოწერილ ქვითრებში მათი მონაცემები ბოროტად გამოყენებული ხომ არ არის. განაცხადის მეორე ფორმით კი საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლება, ცესკოს მიმართოს და განაცხადოს, რომ ვინაიდან არჩევნებზე ხმის ფარულობა დაირღვა, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაბათილება და ახალი, სამართლიანი არჩევნები მოითხოვოს. ჯგუფის სახელია: დაიცავი შენი ხმა, ვითხოვ ახალ არჩევნებს". - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის თქმით, კოალიცია ძლიერი საქართველო ახალი არჩევნების ჩასატარებლად ყველა კანონიერ საშუალებას გამოიყენებს.

კომენტარები