გამოცემა Axios ისრაელელ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მომდევნო დღეებში, სავარაუდოდ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ირანი ერაყის ტერიტორიიდან ისრაელზე თავდსახმისთვის ემზადება.
წყაროების თქმით, ისრაელის სადაზვერვო ინფორმაცია მიანიშნებს, რომ თავდასხმა ერაყის ტერიტორიიდან არის მოსალოდნელი, რისთვისაც ირანი დიდი რაოდენობის დრონებსა და ბალისტიკურ რაკეტებს გამოიყენებს.
ამერიკელმა მაღალჩნოსანმა Axios-თან განაცხადა, რომ ირანს მზადებიდან თავდასხმაზე გადასვლა მალე შეუძლია, თუმცა, აშშ-სთვის ჯერჯერობით უცნობია, მიიღო თუ არა ირანმა საბოლოო გადაწყვეტილება ამის თაობაზე.
26 ოქტომბრის დილის საათებში ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ირანში სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა. მალევე ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, ეს იერიში პასუხი იყო "ბოლო თვეებში ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ირანული რეჟიმის მხრიდან უწყვეტ თავდასხმებზე".
1-ელ ოქტომბერს ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ ლიმიტირებული და ლოკალური სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, რომლის სამიზნეც ტერორისტული ორგანიზაციის ინფრასტრუქტურა იყო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისრაელის მხრიდან წინ უძღოდა ლიბანში საჰაერო იერიშების კამპანია, რომლის ფარგლებშიც ისრაელის არმიას ჰეზბოლას სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე მიჰქონდა იერიში.
მანამდე, სექტემბერში, ისრაელმა ჰეზბოლას წინააღმდეგ იერიშებისა და თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო. 17-18 სექტემბერს ლიბანში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, რის ფარგლებშიც ჰეზბოლას წევრებს ჯერ პეიჯერები, მეორე დღეს კი პორტატიული რაციებიც აუფეთქდათ, ისრაელის პრემიერმინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და IDF-ის მეთაურმა განცხადებები გაავრცელეს, რაც ჰეზბოლასთან მიმართებით ვითარების გამწვავებაზე მიანიშნებდა. ხოლო 27 სექტემბერს, ისრაელის მიერ ბეირუთში ჰეზბოლას შტაბ-ბინაზე მიტანილი იერიშის შედეგად, ტერორისტული დაჯგუფების მეთაური, ჰასან ნასრალა დაიღუპა.





