წყალდიდობა ესპანეთში

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

წყალდიდობა ვალენსიაში, ესპანეთი
Alberto Saiz/AP

ჯერჯერობით უცნობია, თუ ზუსტად რამდენი ადამიანი დაიღუპა ესპანეთში მომხდარი წყალდიდობების შედეგად, თუმცა, ქვეყნის ხელისუფლების ცნობით, ამ დროისთვის დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 95-ს აღწევს.

კოკისპირულმა წვიმამ და ძლიერმა სეტყვამ ესპანეთის რამდენიმე რეგიონში ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე ცუდი წყალდიდობები გამოიწვია.

სტიქიის გამო ქვეყნის ცენტრალურმა ხელისუფლებამ კრიზისის კომიტეტი შექმნა და იმ ადგილებში, სადაც წყალდიდობამ ყველაზე მეტი ზიანი გამოიწვია, ხელისუფლებამ 1 600-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ძლიერი წყალდიდობის შედეგები ჩანს:

ამასთანავე, ესპანეთში წყალდიდობამ მაღალსიჩქარიანი მატარებლის ლიანდაგებიდან გადასვლაც გამოიწვია, თუმცა, ხელისუფლების ცნობით, შედეგად არავინ დაშავებულა. წყალდიდობას ასევე ქვეყანაში რამდენიმე გზის დაკეტვა, სარკინიგზო მომსახურების შეჩერება და ფრენების გადამისამართება მოჰყვა სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ვალენსია, მადრიდსა და ბარსელონაში.

მოგვიანებით, 31 ოქტომბერს, ქვეყანაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთათვის სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

კომენტარები