არჩევნები 2024

ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო პროგრამის მთავარი მიმართულებები წარადგინა

კოალიცია ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო პროგრამა წარადგინა.

კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამა აგებულია "თავისუფალი, კონკურენტული ეკონომიკური ბაზრის პირობებზე"

ჩვენ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, გპირდებით, უმოკლეს ვადებში, გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე.

საქართველოს მიეცემა წვდომა 14 მილიარდ ევროზე, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის.

ჩვენი პროგრამა, აგებულია თავისუფალი, კონკურენტული ეკონომიკური ბაზრის პირობებზე, სადაც ხელისუფლება თამაშობს ხელშემწყობ როლს - ხელშემწყობ და არა ხელშემშლელ როლს, როგორც ახლა, ივანიშვილის პირობებშია, როდესაც ნებისმიერი ჩარევა სახელმწიფოს პირობებში, მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებზეა მორგებული და მხოლოდ მისი კლანების ინტერესებზე.

ეკონომიკა იმუშავებს ხალხისთვის და ჩვენ მოვიზიდავთ 14 მილიონ ევროს საქართველოს კეთილდღეობისთვის

ჩვენი შემდეგი დაპირებაა, საპენსიო სესხები განულება, გპირდებით, ხელისუფლებაში მოსვლის თანავე, უმოკლეს ვადებში ჩვენ გავაუქმებთ საპენსიო სესხებს, რომელიც ახლა, ძალიან დიდ ტვირთად აწევთ ჩვენს მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეთა უდიდეს ნაწილს.

კიდევ ერთი დაპირება, რომელიც აუცილებლად მინდა შევახსენო საზოგადოებას, ეს არის ფასების მაფიის დასრულება, რადგან ფასების მაფია ხელოვნურად არის შექმნილი, სწორედ ივანიშვილის კლანური მმართველობის შედეგად და სწორედ ეს განაპირობებს კატასტროფულად გაზრდილ ფასებს, რომლებსაც ვეღარ უმკლავდებიან საქართველოს მოქალაქეები - უმუშევრობის ფონზე, მოქალაქეებს უწევთ იძულებით ემიგრაციაში წასვლა.

ჩვენ შევქმნით, პრეზიდენტი სააკაშვილის მილიარდიან ფონდს იმისთვის, რომ ყველა იძულებით ემიგრაციაში მყოფი ადამიანი, საქართველოში დავაბრუნოთ". - თქვა თინა ბოკუჩავამ

კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის მთავარ დაპირებაზე, 14 მილიარდი ევროს დაფინანსების სამომავლო განაწილების გეგმებზეც ისაუბრა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, 14 მილიარდი ევროს დაფინანსება, რომელსაც კოალიცია არჩევნების მოგების შემთხვევაში და ევროკავშირთან, მოლაპარაკებების გახსნის შემდეგ მიიღებს მოხმარდება წარმოების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას.

"14 მილიარდ ევროში გათვალისწინებულია წარმოების განვითარება საქართველოში  - ყველა რეგიონში გაიხსნება საწარმოები და მოგვეხმარებიან, რომ პროდუქცია “დამზადებულია საქართველოში” შევიდეს ევროპულ ბაზარზე და მოიცვას მთელი ევროკავშირი.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ამ 14 მილიარდში არის ინფრასტრუქტურის განვითარება - უსწრაფესი დამთავრება ცენტრალური მაგისტრალის, სამხრეთის მაგისტრალის მშენებლობა, პორტების განვითარება, აეროპორტების გაფართოება, სწრაფი რკინიგზით საქართველოს შიგნით დაქსელვა და დაკავშირება საქართველოს რეგიონის სხვა ქალაქებთან

მესამე, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულბა არის სოფლის მეურნეობა - მილიარდ ევროზე მეტი ჩაიდება საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

მეოთხე, ეს არის ადამიანური კაპიტალის განვითარება - 14 მილიარდიან ფონდში, ცალკე დიდი ნაწილია ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის". - თქვა გიორგი ვაშაძემ

ვაშაძის თქმით, 14 მილიარდიდან, ასევე ცალკეული თანხები იქნება გამოყოფილი სასკოლო და უმაღლესი განათლებისთვისაც.

 

კომენტარები