ევროკავშირი

EU-ს ქვეყნების ლიდერები არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის წესების გამკაცრებას გეგმავენ

REUTERS/Johanna Geron/File Photo

ევროკავშირის ლიდერები ხუთშაბათს არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის დაჩქარების ახალი წესების მიღებაზე შეთანხმდნენ და ევროკომისიას ახალი კანონის სწრაფი შემუშავება სთხოვეს.

გასულ წელს ევროკავშირის არაწევრი 484 000 მოქალაქიდან, რომელსაც უნდა დაეტოვებინა ევროკავშირი, მხოლოდ 20% დაბრუნდა სახლში. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ კომისია მუშაობს ამ მონაცემების გასაუმჯობესებლად და მალე წარადგენს ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო კანონს.

ევროკავშირის ლიდერებმა ასევე მხარი დაუჭირეს პოლონეთს იმ არალეგალურ მიგრანტებთან ბრძოლის საკითხებში, რომლებიც რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებიდან შემოდიან ქვეყანაში.

"არ შეიძლება მივცეთ უფლება რუსეთსა და ბელარუსს ბოროტად გამოიყენონ ჩვენი ღირებულებები, მათ შორის, თავშესაფრის მიღების უფლება და ამით შეარყიონ ჩვენი დემოკრატია".- წერია ევროპული საბჭოს სამიტის დეკლარაციაში.

სამიტის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს არალეგალურ მიგრანტებთან ბრძოლაში პოლონეთს და სხვა ქვეყნებს:

"ევროპული საბჭო სოლიდარობას უცხადებს პოლონეთს და ამ გამოწვევების წინაშე მდგარი წევრ ქვეყნებს, განსაკუთრებული სიტუაციები საჭიროებს შესაბამის ზომებს". - ნათქვამია დოკუმენტში.

ივლისში ფინეთმაც, რომელიც რუსეთთან საზღვრის გავლით მიგრანტების მსგავსი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, ასევე შეაჩერა თავშესაფრის განაცხადის მიღება.

კომენტარები