კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სამთავრობო პროპაგანდის მიერ მის წინააღმდეგ დაწყებულ არმენოფობიურ კამპანიას გამოეხმაურა.
"ივანიშვილისა და მისი ხელქვეითების რუსული, "კაგებეშნიკური" პროპაგანდა ყოველგვარ ზღვარს გასცდა, რომელიც აი, უკვე რამდენიმე წელია, მიმდინარეობს ჩემ წინააღმდეგ.
ბოლო ცილისმწამებლური კამპანია კი არა მარტო მე, არამედ ჩვენს მოძმე ხალხს, სომხებსაც შეეხო. მე ვუხდი მათ ბოდიშს ქართული ოცნების უნამუსო და უზნეო ქსენოფობიური გამოხტომების გამო. ჩემი რომელიმე წინაპარი სომეხი ან სხვა მოძმე ერის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ამის შესახებ ღიად და თამამად ვიტყოდი. ვისაც ასეთი ამბები აწუხებს ან თავისი წარმომავლობა ეუხერხულება, ქსენოფობია.
გაუმარჯოს ქართველების, სომხების, ებრაელების, აზერბაიჯანელების, ქურთების, იეზიდებისა და სხვა მოძმე და მონათესავე ერების ერთად ცხოვრებას ძლიერ საქართველოში. ძლიერ საქართველოს გაუმარჯოს თავისი მრავალფეროვნებით, სილაღითა და ნაღდი ურთიერთობით, ბიძინა და КГБ 26 ოქტომბერს უნდა დამთავრდეს. აქვე, ისე გაუმარჯოს თქვენს წინაპრებს, როგორც ჩემებს - ხუნდაძეებს, ხაზარაძეებს, ბაშალეიშვილებსა და ადეიშვილებს". - წერს ხაზარაძე Facebook-ზე.
სამთავრობო პროპაგანდამ არმენოფობიური კამპანია დაიწყო.
სამთავრობო პროპაგანდისტულმა არხმა POSTV-მ 11 ოქტომბერს გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მათ მიერ გაგზავნილი ჟურნალისტი კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს ეკითხება, რატომ მალავს "სომხურ წარმომავლობას", რისი "დამადასტურებელი ფაქტებიც" აქვთ.
პროპაგანდისტული არხის ჟურნალისტი კლასიკურ შოვინისტურ მანიპულაციას მიმართავს და დათქმას აკეთებს: "სომხები ხომ ჩვენი მოძმე ერი არიან, საუკეთესო ხალხი" - და ამატებს - "რატომ გრცხვენიათ?".
საქართველოში, შოვინიზმსა და არმენოფობიაზე კაპიტალიზების მსურველები დიდი ხანია, ამ "ხრიკს" მიმართავენ.
ერთი მხრივ, ისინი ცდილობენ, თავი აირიდონ რომელიმე ეთნოსის უარყოფითი შეფასებისგან, მეორე მხრივ კი ამ ეთნოსის მიმართ არსებულ სტერეოტიპებსა და შოვინიზმზე კაპიტალიზდნენ.





