2023 წლის დეკემბერში აშშ-ში ლენგლის ავიაბაზის თავზე 17 დღის განმავლობაში ამოუცნობი უპილოტო საფრენი აპარატები დაფრინავდნენ. მათი ჩამოგდება ან კვალის მიგნება ვერ ხერხდებოდა და მაღალჩინოსნებს ეჭვი ჰქონდათ, რომ ოპერაციის უკან რუსეთი ან ჩინეთი იდგა.
თვის ბოლოს დრონები შეჩერდა. მოგვიანებით, იანვრის დასაწყისში პოლიციამ მინესოტას უნივერსიტეტის ჩინელი სტუდენტი, ფენგიუნ ში დააკავა, რომელიც დრონებით სამხედრო გემთსაშენს ფოტოებს უღებდა.
ამის შესახებ სტატიას WSJ აქვეყნებს.
უცნობი დრონები ლენგლის საჰაერო ძალების ბაზაზე პირველად დეკემბრის დასაწყისში დააფიქსირეს. ყველაზე ხშირად ბაზაზე დრონები მზის ჩასვლიდან დაახლოებით ერთ საათში ჩნდებოდნენ.
დრონების კვალის მიგნება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო - დრონები კვეთდნენ ნახევარკუნძულზე მდებარე ბაზის ტერიტორიას, აგრძელებდნენ სამხრეთისკენ მოძრაობას და რადარების დიაპაზონს სცდებოდნენ.
სამხედროებს არც დრონების ჩამოგდება შეეძლოთ, რადგან თუ ობიექტი არ წარმოადგენს უშუალო საფრთხეს, მისი ბაზებთან ახლოს ჩამოგდება კანონით აკრძალულია.
ბაზის სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ პენტაგონს და თეთრი სახლის ადმინისტრაციას შეატყობინეს. ოფიციალური პირების შეკრებაზე ერთ-ერთმა ოფიცერმა დრონების სანავიგაციო სისტემების დასაბლოკად ელექტრონული სიგნალების გამოყენების იდეა წარადგინა, თუმცა ამის განხორციელება ადგილობრივ 911 სისტემების და Wi-Fi ქსელების მუშაობას შეაფერხებდა.
კიდევ ერთი შეთავაზება გულისხმობდა მიმართული ენერგიის იარაღის (DEWs) გამოყენებას, თუმცა ფედერალური სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს ძალიან დიდ საფრთხეს შეუქმნიდა კომერციული თვითმფრინავების დეკემბრის არდადეგების სეზონზე გადაადგილებას.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, არსებობდა ეჭვი, რომ დრონების გაშვების ოპერაციას რუსეთი ან ჩინეთი ხელმძღვანელობდნენ და ამით ამერიკული ჯარების რეაქციის გამოცდა სურდათ. ოფიციალური პირები აღნიშნავდნენ იმასაც, რომ დრონების გადაადგილებისა და ოპერაციის სირთულის გათვალისწინებით, ძალიან მცირე იყო იმის ალბათობაც, რომ დრონებს მოყვარულები მართავდნენ.
შედეგად, ლენგლის ბაზაზე ღამის სასწავლო მისიები უპილოტო საფრენ აპარატებთან შეჯახების შიშით გაუქმდა, F-22 გამანადგურებლები კი სხვა ბაზაზე გადაიყვანეს.
2023 წლის 23 დეკემბერს დრონები ბაზას ბოლო ჯერ ესტუმრნენ, პასუხი, თუ ვინ მართავდა ამ ოპერაციას თეთრ სახლს კი ისევ არ ჰქონდა.
იანვარში ფედერალურმა ხელისუფლებამ მინესოტას უნივერსიტეტის 26 წლის სტუდენტი, ფენგიუნ ში დააკავა. როგორც აღმოჩნდა, ში უპილოტო საფრენ აპარატებს ბაზიდან რამდენიმე კილომეტრში უშვებდა.
6 იანვარს ში სამხედრო გემსაშენთან წვიმიან ამინდში დრონს აფრენდა, როცა ის შემთხვევით ხეში გაეჭედა და დახმარება ადგილობრივებს სთხოვა. სანამ ში დრონის ხიდან ჩამოხსნას ცდილობდა, ადგილობრივებმა პოლიციელებს დაურეკეს, რომლებმაც სტუდენტს სახანძროს გამოძახება ურჩიეს.
თუმცა, შიმ რჩევა არ გაითვალისწინა, დრონის დაბრუნების გარეშე ადგილი დატოვა და ვაშინგტონში, შემდეგ კი კალიფორნიის შტატში წავიდა, ხოლო ხეში გაჭედილი დრონი იმავე დღეს ჩამოვარდა და FBI-ს ხელში აღმოჩნდა. მასში სამხედრო გემების ფოტოების აღმოჩენის შემდეგ ში ჩინეთში ცალმხრივი ბილეთით გამგზავრებამდე 18 იანვარს აეროპორტში დააკავეს.
შიმ FBI-ს აგენტებს უთხრა, რომ უბრალოდ გემების მოყვარული იყო და ვერც მიხვდა, რომ მისი დრონი შეზღუდულ საჰაერო სივრცეში გადავიდოდა. გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ შიმ დრონი სან-ფრანცისკოში ფასდაკლებით შეიძინა. შის ჩინეთის მთავრობასთან დამაკავშირებელი ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიპოვეს, თუმცა მას საიდუმლო საზღვაო ობიექტების უკანონო გადაღებაში წარუდგინეს ბრალი.
შიმ დანაშაული აღიარა და სასამართლოს წინაშე ოქტომბერში წარდგა, მას ექვსთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. მოსამართლის თმით, ის სცენარი, რომ ში უბრალოდ შვებულებაში იყო და შუაღამით დრონებს ამერიკულ ბაზასთან გასართობად უშვებდა, არადამაჯერებელი იყო.
ბრალდებულის ადვოკატის თქმით, ში რომ ჯაშუში ყოფილიყო "ის ისტორიაში ყველაზე ცუდი ჯაშუში იქნებოდა".
ამერიკელი მაღალჩინოსნები ეჭვობენ, რომ დრონების ოპერაციის უკან უბრალო მოყვარული ვერ იდგებოდა.
აშშ-ს ჯერ კიდევ დასადგენი აქვს, ვინ იდგა ლენგლის ავიაბაზის დრონების ოპერაციის უკან.
"ეს არ არის ხვალინდელი პრობლემა, ეს დღევანდელი პრობლემაა".- თქვა ვაშინგტონის ეროვნული უსაფრთხოების, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის უფროსმა თანამშრომელმა, ტომ კარაკომ.