ორი წლის წინ ჰეზბოლას ტერორისტულ დაჯგუფებას ახალი გამოშვების Apollo-ს პეიჯერების გაყიდვების დამაინტერესებელი შეთავაზებით მიმართეს, რაც შესაფერისი აღმოჩნდა შეიარაღებული დაჯგუფების საჭიროებებისთვის, რომელიც მებრძოლთა დიდი ქსელის მეშვეობით მოქმედებს.
გაყიდვების აგენტის დახასიათებით, ახალი AR924 მოდელის პეიჯერები დიდი ზომის, მაგრამ გამძლე იყო, ტაივანური წყალგამძლე დიზაინი და დიდი ბატარეა ჰქონდა, რომელსაც თვეების მანძილზე დამუხტვის გარეშე მუშაობა შეეძლო. ჰეზბოლასთვის ყველაზე მომხიბვლელი თვისება კი პეიჯერების ისრაელის სადაზვერვო სამსახურების შპიონაჟისგან დაცულობა იყო.
ამ აღწერამ დაჯგუფების ლიდერებზე ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ჰეზბოლამ მალევე 5 000 პეიჯერი იყიდა და თებერვალში საშუალო დონის მებრძოლებსა და მხარდამჭერ კადრებზე მათი დარიგება დაიწყო.
თუმცა, ვერცერთმა იფიქრა, რომ მათი ახალი "სათამაშო" ისრაელის მიერ კარგად მოფიქრებული ფეთქებადი მოწყობილობა იყო. ჰეზბოლას წევრებმა მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გაიგეს პეიჯერის ყველაზე მთავარი და დამღუპავი თვისების, ორ-საფეხუროვანი დეშიფრირების, შესახებ, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ აფეთქების მომენტში პეიჯერი მომხმარებლის ორივე ხელში იქნებოდა.
ამერიკელი, ისრაელელი და ახლო აღმოსავლეთის სხვა მაღალჩინოსნების მიხედვით, ისრაელის "პეიჯერების ოპერაციის" ფარგლებში ჰეზბოლას უკანა ეშელონის 3 000-მდე თანამდებობის პირი და წევრი დაიღუპა ან დაიჭრა, გაურკვეველი რაოდენობის მოქალაქეებთან ერთად, როდესაც მოსადის სადაზვერვო სამსახურმა 17 სექტემბერს მოწყობილობები დისტანციურად ააფეთქა.
აღნიშნული ოპერაცია, როგორც საშპიონაჟო ხელოვნების აქტი, თანამედროვე ისტორიაში სადაზვერვო სამსახურის მიერ მტრის რიგებში შეღწევის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გამჭრიახი მაგალითია. თუმცა, უშუალოდ დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ დაიგეგმა და შედგა ეს ოპერაცია, და რა კამათი გამოიწვია მან ისრაელის უსაფრთხოების სფეროს რიგებსა და მოკავშირეებში, მხოლოდ ახლა ხდება ცნობილი.
აღნიშნულ დეტალებს გამოცემა Washington Post-ი სტატიაში აქვეყნებს, რომელშიც უსაფრთხოების სფეროში ისრაელელ, არაბ და ამერიკელ მაღალჩინოსნებზე, ასევე პოლიტიკოსებზე, დიპლომატებსა და ლიბანელ მაღალჩინოსნებზე, ისევე როგორც ჰეზბოლასთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით აღწერილია, თუ როგორ ჩაისახა ოპერაციის მრავალწლიანი გეგმა თელ-ავივის მოსადის შტაბ-ბინაში და როგორ მოიცვა მან სხვადასხვა ქვეყანაში მრავალი აგენტი და გაუცნობიერებელი თანამზრახველი. სტატიაში ასევე განხილულია, ერთი მხრივ, როგორ გაანადგურა ამ თავდასხმამ ჰეზბოლას ლიდერთა რიგები და, მეორე მხრივ, როგორ წააქეზა მან ისრაელი ჰეზბოლას ლიდერზე, ჰასან ნასრალაზე, იერიშის მიტანასა და მოკვლაში.
მოგვიანებით, 1-ელ ოქტომბერს, ჰეზბოლას ლიდერებზე ისრაელის იერიშების საპასუხოდ ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა და გააფრთხილა, რომ კონფლიქტის ესკალაციას უფრო მწვავე შედეგები მოჰყვება. თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა პირობა დადო, რომ ამ თავდასხმას ისრაელი პასუხს გასცემდა.
ჰეზბოლას პეიჯერები: აწყობილია ისრაელში; დიზაინერი - მოსადი

AFP/Getty Images
საკითხთან დაახლოებული ამერიკელი, ისრაელელი და ახლო აღმოსავლეთის მაღალჩინოსნების მიხედვით, პეიჯერების ოპერაციის იდეა 2022 წელს გაჩნდა. გეგმის დალაგება 7 ოქტომბერს ჰამასის ისრაელზე თავდასხმამდე ერთი წლით ადრე დაიწყო, როდესაც ლიბანი-ისრაელის საზღვარზე შედარებით სიმშვიდე იყო.
რეგიონში პროირანული მარიონეტული შეიარაღებული დაჯგუფებებიდან ჰეზბოლა ყველაზე ძლიერ ძალას წარმოადგენს. ამ პერიოდში კი ისრაელი აკვირდებოდა, თუ როგორ მარაგდებოდა ჰეზბოლა ახალი შეიარაღებით, რითაც მათ ისრაელის ქალაქებზე ათეულობით ათასი მართვადი რაკეტებით იერიშის მიტანა შეეძლოთ. აქედან გამომდინარე, მოსადი, რომელსაც ისრაელის საგარეო საფრთხეებთან ბრძოლა ევალება, წლების განმავლობაში ცდილობდა ინფორმატორებისა და ელექტრონული მოწყობილობებით დაჯგუფების რიგებში შეღწევას. ამავდროულად, ისრაელის სადაზვერვო და ჰაკერული ქმედებების მიმართ, მათ შორის, მოსადის მიერ მობილური ტელეფონების მოსმენის მხრივ, დაუცველობის ფონზე, ჰეზბოლას ლიდერებმა გარკვეული ზომების მიღება დაიწყეს.
მაღალჩინოსნების თქმით, სწორედ აქედან გაჩნდა ერთგვარი საკომუნიკაციო "ტროის ცხენის" შექმნის იდეა. ჰეზბოლა მესიჯების გასაგზავნად გატეხის საფრთხეებისგან დაცულ ქსელს ეძებდა, რისთვისაც მოსადმა სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რამაც საბოლოო ჯამში ჰეზბოლას დაჯგუფებას ამ საქმისთვის ერთი შეხედვით საუკეთესო მოწყობილობა აყიდვინა - მოწყობილობა, რომელიც მოსადის დიზაინით ისრაელში იყო აწყობილი.
გეგმის პირველი ნაწილი ფეთქებადი პორტატიული რაციები იყო, რომელთა ლიბანში შეტანაც მოსადმა 2015 წლიდან დაიწყო. რაციები დიდი ზომის ბატარეას, დამალულ ფეთქებად ნივთიერებასა და გადაცემის სისტემას შეიცავდა, რომელიც ისრაელს ჰეზბოლას კომუნიკაციებზე სრულ წვდომას აძლევდა.
ამრიგად, მაღალჩინოსნების თქმით, ისრაელი ჰეზბოლას ცხრა წლის მანძილზე უსმენდა და სამომავლო პოტენციური კრიზისისთვის რაციების ბომბებად გადაქცევის არჩევანსაც იტოვებდა. თუმცა, მოგვიანებით ძლიერი ფეთქებადი ნივთიერების შემცველი პეიჯერების სახით ისრაელს ახალი შესაძლებლობა გამოუჩნდა. შედეგად, ჰეზბოლამ ირიბად თანხა ისრაელს იმ მომცრო ზომის ბომბების შესყიდვისთვის გადაუხადა, რომლებიც რამდენიმე თვეში მათსავე წევრებს მოკლავდა ან დაჭრიდა.
იმის გამო, რომ დაჯგუფების ლიდერები ფხიზლად იყვნენ ისრაელის მხრიდან პოტენციური საბოტაჟის მცდელობების მიმართ, პეიჯერების წარმომავლობა არ შეიძლებოდა ისრაელიდან, აშშ-დან ან ისრაელის სხვა მოკავშირე ქვეყნიდან ყოფილიყო. შესაბამისად, 2023 წელს დაჯგუფებამ ტაივანური ბრენდის Apollo პეიჯერების მასიური შესყიდვის თაობაზე შეთავაზებების მიღება დაიწყო, რაც, ერთი შეხედვით, კარგად ცნობილი პროდუქცია და ბრენდი იყო, რომელსაც ისრაელთან კავშირი არ ჰქონდა. მაღალჩინოსნების თქმით, ტაივანურმა კომპანიამ ამ გეგმის შესახებ არაფერი იცოდა.
ჰეზბოლამ შესყიდვის თაობაზე შეთავაზება მარკეტინგში მყოფი სანდო თანამდებობის პირისგან მიიღო, რომელსაც Apollo-სთან ჰქონდა კავშირი. ქალი, რომელსაც ხსენებული თანამდებობა ეკავა და რომლის იდენტობა და ეროვნება Washington Post-ს მაღალჩინოსნებმა არ გაუმჟღავნეს, ახლო აღმოსავლეთში ტაივანური კომპანიის ყოფილი გაყიდვების წარმომადგენელი იყო, რომელსაც უკვე საკუთარი კომპანია ჰქონდა დაფუძნებული და Apollo-ს ბრენდის ქვეშ პეიჯერების გაყიდვის ლიცენზია ჰქონდა მოპოვებული. 2023 წელს მან ჰეზბოლას ერთ-ერთი პროდუქტის, სანდო და გამძლე AR924-ის, შესყიდვა შესთავაზა, რასაც მისი ფირმა ყიდდა.
"ის არის [ქალი], ვინც ჰეზბოლასთან იყო კავშირში, და [რომელმაც] მათ აუხსნა, რატომ იყო უფრო დიდი პეიჯერი და დიდი ბატარეის ბლოკი თავდაპირველ მოდელზე უკეთესი". - განაცხადა ოპერაციის დეტალების მცოდნე ისრაელელმა მაღალჩინოსანმა. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი გამორჩეული თვისება AR924-ის "სადენით დამუხტვის" ფუნქცია იყო იმასთან ერთად, რომ "ბატარეები უფრო დიდხანს ძლებდნენ".
როგორც მოგვიანებით გაირკვა, უშუალოდ მოწყობილობების წარმოება აუთსორსინგით (ინგ. Outsourcing) ხდებოდა, ხოლო მარკეტინგში ზემოხსენებულ თანამდებობის პირს მოსადის გეგმაზე ინფორმაცია არ ჰქონდა და არც ის იცოდა, რომ პეიჯერებს ისრაელში მოსადის ზედამხედველობით აწყობდნენ. ოპერაციის მცოდნე მაღალჩინოსნების თქმით, მოსადის პეიჯერებს, რომელთა წონაც 85 გრამს არ აღემატებოდა, ბატარეის ბლოკი გააჩნდა, რომელიც მცირე რაოდენობის, ძლიერ ფეთქებად ნივთიერებას შეიცავდა.
წყაროების მიხედვით, მოწყობილობის ბატარეაში ბომბის კომპონენტი იმ დონეზე იყო დამალული, რომ იგი ფაქტობრივად შეუმჩნეველი იყო იმ შემთხვევაშიც კი, თუკი პეიჯერს დაშლიდნენ. ისრაელელი მაღალჩინოსნების რწმენით, ჰეზბოლამ პეიჯერები დაშალა კიდეც და შესაძლოა, ისინი რენტგენული გამოსხივების ქვეშაც გაატარა.
ასევე უხილავი იყო მოწყობილობებზე მოსადის დისტანციური წვდომაც: ელექტრონული სიგნალი, რომელსაც ათასობით მოწყობილობაში აფეთქების გამოწვევა ერთდროულად შეეძლო. თუმცა, მაქსიმალური ზიანის მიყენების უზრუნველსაყოფად, აფეთქების გამოწვევა სპეციალური ორ-საფეხუროვანი პროცედურითაც შეიძლებოდა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც პეიჯერის აფეთქება შეიძლებოდა.
"მესიჯის წასაკითხად ორი ღილაკის დაჭერა იყო საჭირო". - ამბობს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რაც ორივე ხელის გამოყენებას გულისხმობდა. მისი თქმით, აფეთქების მომენტში, მომხმარებლები თითქმის უეჭველად "ორივე ხელს გამოიყენებდნენ", და შესაბამისად, "[სამომავლოდ] ბრძოლას ვეღარ შეძლებდნენ".
დაშიფრული მესიჯი

Stephani Spindel/ EFE / EPA
ისრაელელი მაღალჩინოსნის თქმით, ისრაელში მოწინავე არჩეული თანამდებობის პირებიდან უმრავლესობამ აღნიშნული შესაძლებლობის შესახებ 12 სექტემბრამდე არ იცოდა. ამ დღეს ქვეყნის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაზვერვის საკითხებში მრჩევლები დაიბარა, რათა ჰეზბოლას წინააღმდეგ პოტენციური ქმედებები განეხილა. შეხვედრის დეტალების მიხედვით, რაც კვირების შემდეგ გამოვლინდა, მოსადმა ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული ოპერაცია პირველად წარადგინა. ამ დროისთვის ისრაელს ფეთქებადი პეიჯერები უკვე ათასობით ჰეზბოლას წევრის ხელში ჰქონდა მოთავსებული.
დაზვერვის სფეროს მაღალჩინოსნებმა ასევე იმაზეც ისაუბრეს, რომ სამხრეთ ლიბანში კრიზისის გამწვავების ფონზე, იზრდებოდა რისკი, რომ ჰეზბოლა ფეთქებად მოწყობილობებს აღმოაჩენდა, რაც წლების მანძილზე დაგეგმილი ოპერაციის წარუმატებლობას გამოიწვევდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციის შესახებ დეტალების გაცნობას კამათი მოჰყვა. ყველა, მათ შორის ნეთანიაჰუც, ხედავდა, რომ პეიჯერების აფეთქება ჰეზბოლას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა, თუმცა ამას ასევე შეეძლო, ძლიერი პასუხი გამოეწვია, მათ შორის ჰეზბოლას ლიდერების მიერ ისრაელზე საპასუხო სარაკეტო იერიშის მიტანის მხრივ, რასაც სავარაუდოდ ირანიც შეუერთდებოდა. ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, ფეთქებადი პეიჯერების ან მათი გამოყენების თაობაზე არსებული კამათის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს არ ჰქონია.
საბოლოოდ, ნეთანიაჰუმ მათი აფეთქების გადაწყვეტილება მიიღო მანამ, სანამ პეიჯერებს მაქსიმალური ზიანის მიტანა შეეძლო. მომდევნო კვირის განმავლობაში კი მოსადმა როგორც პეიჯერების, ასევე პორტატიული რაციების ასაფეთქებლად მომზადება დაიწო.
ამას გარდა, იერუსალიმსა და თელ-ავივში კიდევ ერთი განხილვის საგანი ისრაელისთვის მნიშვნელოვანი სამიზნე, ჰასან ნასრალა გახდა. მაღალჩინოსნების თქმით, მოსადმა წლების მანძილზე ლიბანში ნასრალას ადგილმდებარეობა იცოდა და მის გადაადგილებას ადევნებდა თვალს. თუმცა, ისრაელი არ მოქმედებდა, რადგან მის მკვლელობას შესაძლოა ჰეზბოლასთან, და სავარაუდოდ ირანთანაც, სრულმასშტაბიანი ომი გამოეწვია.
ამ ფონზე, ამერიკელი დიპლომატები ცდილობდნენ ნასრალას დარწმუნებას, ღაზის სექტორში მიმდინარე ბრძოლისგან დამოუკიდებლად ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებაში. შეთანხმებას უფროსი ისრაელელი მაღალჩინოსნებიც ემხრობოდნენ, თუმცა, ამერიკელი და ახლო აღმოსავლეთის მაღალჩინოსნების თქმით, ნასრალა თანხმობას არ გამოხატავდა და პირველ რიგში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვდა.
შესაბამისად, ისრაელში ნასრალაზე ტარგეტირებული იერიშის მიტანის თაობაზე გადაწყვეტილება, რეგიონში დაძაბულობის გაზრდის შიშით, ჯერ კიდევ არ იყო მიღებული, როდესაც 17 სექტემბერს ათასობით Apollo-ს პეიჯერმა ლიბანსა და სირიაში ერთდროულად შეტყობინებების მიღება დაიწყო.
მოწყობილობების ეკრანებზე მოკლე არაბული წინადადება გამოჩნდა: "თქვენ დაშიფრული მესიჯი მიიღეთ". ჰეზბოლას წევრებმა ორ ღილაკზე დაჭერით მესიჯის დეშიფრირების ინსტრუქციების შესრულება დაიწყეს, რასაც სახლებში, მაღაზიებში, მანქანებსა და ქუჩებში აფეთქებები მოჰყვა. ხოლო მომდევნო ერთი წუთის განმავლობაში დისტანციური დეტონაციით დარჩენილი ათასობით პეიჯერიც აფეთქდა, მიუხედავად იმისა, სცადეს თუ არა დეშიფრირება მომხმარებლებმა. 18 სექტემბერს აფეთქდა პორტატიული რაციებიც, რასაც ისევ ჰეზბოლას წევრები ემსხვერპლნენ ან ამის შედეგად დაიჭრნენ.
ისრაელის მხრიდან 17-18 სექტემბრის ოპერაცია პირველი იყო ჰეზბოლას წინააღმდეგ წამოწყებული კონფლიქტის ახალ ფაზაში, რასაც მოგვიანებით ისრაელის მხრიდან ჰეზბოლას შტაბ-ბინასა და ლოჯისტიკურ ცენტრებზე საჰაერო იერიშები მოჰყვა.
ყველაზე ძლიერი დარტყმები პეიჯერების აფეთქებიდან 10 დღის შემდეგ, 27 სექტემბერს მოხდა, რის ფარგლებშიც ისრაელის სამიზნე ბეირუთში ჰეზბოლას შტაბ-ბინა იყო. იერიშის მიტანის ბრძანება ნეთანიაჰუმ მაშინ გასცა, როდესაც იგი ნიუ-იორკში გაეროზე სიტყვით გამოსვლისთვის მიემგზავრებოდა, სადაც ისრაელის პრემიერმა ჰეზბოლას მიმართა, რომ ეს ყოველივე "საკმარისი" იყო.
მომდევნო დღეს, 28 სექტემბერს, ჰეზბოლამ დაადასტურა ის, რაც დანარჩენი მსოფლიოსთვის თანდათან უფრო ცხადი იყო: იერიშის შედეგად ისრაელმა ჰეზბოლას ლიდერი, ჰასან ნასრალა მოკლა.





