ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

შოლცი: ჩვენ არასოდეს შევეგუებით ანტისემიტიზმს და ბრმა სიძულვილს ისრაელის მიმართ

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ჰამასის მიერ ისრაელზე ტერორისტული თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა და გერმანიაში მცხოვრებ ებრაელ მოქალაქეებს სრული სოლიდარობა გამოუცხადა.

გერმანიის კანცლერის თქმით, არ უნდა დაუშვან, რომ ებრაელი მოქალაქეები გერმანიაში შიშსა და ტერორში ცხოვრობდნენ.

"ჩვენ არასოდეს შევეგუებით ანტისემიტიზმს და ბრმა სიძულვილს ისრაელის მიმართ. ებრაელები აქ, გერმანიაში იმსახურებენ ჩვენი სახელმწიფოს სრულ სოლიდარობას". - თქვა შოლცმა.

შოლცის თქმით, რეგიონში კონფლიქტის გავრცელების საფრთხე კვლავ არსებობს და ამიტომ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, გერმანიის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ არ დაუშვან "ხანძრის გაჩენა".

"სამწუხაროდ, ჰამასის მიერ ისრაელზე ტერორისტული თავდასხმის წლისთავზე, მშვიდობა და შეთანხმება იმაზე შორს ჩანს, ვიდრე ოდესმე. თუმცა, ერთი რამ ზუსტად ვიცით: მოლაპარაკებების გზით, ორი სახელმწიფოს პრინციპის საფუძველზე კონფლიქტის გადაწყვეტა მნიშვნელოვანია ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად". - თქვა შოლცმა.

კომენტარები