არჩევნები 2024

გამარჯვების ფორმულაა ამომრჩეველი სახელით "არც ბიძინა, არც მიშა" – გახარია საქართველოსთვის

გახარია საქართველოსთვის წევრებმა, ზვიად ძიძიგურმა, ლევან გოგიჩაიშვილმა და როინ ქოჩორაშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე ქართული ოცნების მმართველობის 12 წელი შეაჯამეს და თქვეს, რომ წლევანდელ არჩევნებზე გამარჯვების ფორმულაა ამომრჩეველი პირობითი სახელით "არც ბიძინა, არც მიშა".

"დღეს პირველი ოქტომბერია.

12 წლის წინ, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ავტორიტარულ რეჟიმს და ერთპიროვნულ მმართველობას.

12 წლის შემდეგ მივიღეთ:

საქართველოს პარლამენტი, საკანონმდებლო ორგანო ანგარიშვალდებულია არა ქართველი ხალხის, არამედ მხოლოდ 1 კაცის, ბიძინა ივანიშვილის წინაშე!

საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებულია არა ქართველი ხალხის წინაშე, არამედ 1 კაცის, ბიძინა ივანიშვილის წინაშე!

ქართული ოცნება ხელისუფლებაში ამისთვის არ მოსულა. არ მოსულა იმისთვის, რომ მაშინ უკიდურესად პოლარიზებული საზოგადოება უფრო მეტად გაეხლიჩა და გაეყო თავისიანებად და მტრებად.

არ მოსულა იმისთვის ქართული ოცნება ხელისუფლებაში, რომ მთავარ საკომუნიკაციო ენად ყოფილიყო სიძულვილის ენა.

ქართული ოცნება იმისთვის არ მოსულა ხელისუფლებაში, რომ 2008 წლის პლებისციტზე ნატოში გაწევრიანების შესახებ, ქართველი ხალხის გადაწყვეტილების რევიზია მომხდარიყო.

არ მოსულა იმიტომ, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილი ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხი გადახედილიყო.

არ მოსულა იმიტომ, რომ დაეწყო ხალხის ზურგს უკან აფხაზეთსა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასთან დაკავშირებით გაურკვეველი მანიპულაციები, რომელიც ბადებს სერიოზულ ეჭვს, რომ საქართველოს მთავრობამ, რომელსაც ივანიშვილი უდგას სათავეში, შესაძლოა, აღიაროს ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმები;

ქართული ოცნება იმისთვის არ მოსულა ხელისუფლებაში, რომ არაღიარების პოლიტიკა დაეყენებინა დარტყმის ქვეშ;

ქართული ოცნება იმისთვის არ მოსულა ხელისუფლებაში, რომ ათიათასობით ადამიანი წასულიყო ემიგრაციაში;

დღეს ჩვენ ვდგავართ ისევ იქ, სადაც ვიდექით 12 წლის წინ; ეს არის მთავარი პრობლემა და ამ პრობლემიდან არის ერთი მთავარი გამოსავალი და ეს გამოსავალი არის ამომრჩეველი პირობითად "არც ბიძინა და არც მიშა" არჩევნებზე.

2012 წელს მილიონ ორასი ათასმა ადამიანმა უარი უთხრა მიშას რეჟიმს. 25 დღე სიმბოლურადაა დარჩენილი არჩევნებამდე;

ამომრჩეველმა პირობითი სახელწოდებით "არც ბიძინა და არც მიშა" უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორც მიიღო მაშინ - ეს არის გამარჯვების ფორმულა". - თქვა ძიძიგურმა.

კომენტარები