ნიდერლანდების ყოფილი პრემიერმინისტრმა, მაკ რუტემ NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგი ჩაანაცვლა.
ბრიუსელში, NATO-ს მთავარ შტაბში გამართული სიმბოლური ცერემონიის შემდეგ რუტე და სტოლტენბერგი, თანამდებობაზე რუტეს ოფიციალურად დანიშვნის მიზნით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ბლოკის ელჩებთან შეხვედრაზე გაემართნენ.
სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი, რუტეს სახით, "უსაფრთხო ხელშია".
როგორც გამოცემა Reuters-ი წერს, NATO-ს ოფიციალური პირები რუტესგან ელიან, რომ იგი სტოლტენბერგის პრიორიტეტებს შეინარჩუნებს, მათ შორის, გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, უბიძგებს ალიანსის წევრებს, დახარჯონ მეტი თავდაცვაზე და შეინარჩუნებს აშშ-ს ჩართულობას ევროპის უსაფრთხოების საკითხებში.
რუტე, რომელიც ნიდერლანდების პრემიერმინისტრის პოსტიდან 14-წლიანი სამსახურის შემდეგ გადადგა, უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია. მან ევროპელებს მოუწოდა, რომ "შეწყვიტონ წუწუნი" აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესახებ და ამის მაგივრად, კონტინენტის უსაფრთხოების გაძლიერებაზე დაიწყონ მუშაობა.
დიპლომატების თქმით, რუტეს მრავალ კოალიციური მთავრობაში მიღებული გამოცდილება მას ახალი როლისთვის შესაფერის კანდიდატად აქცევს.
ნორვეგიის ყოფილი პრემიერმინისტრი, იენს სტოლტენბერგი NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობას 2014 წლიდან, 10 წლის განმავლობაში იკავებდა. ამ წლების განმავლობაში მისი მანდატი სამჯერ გახანგრძლივდა.
"ეს დიდი ოჯახია, დიდებული ოჯახი, თუმცა გამოწვევაა, ყველა [წევრი] ერთდროულად ბედნიერი იყოს" - თქვა სტოლტენბერგმა გენერალური მდივნის როლში ბოლო სიტყვით გამოსვლისას.