25 სექტემბერს გამოცემა New York Times-მა გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ს ნაფიც მსაჯულთა "დიდმა ჟიურიმ" კორუფციის საქმეში ხანგრძლივი ფედერალური გამოძიების შედეგად, ქალაქ ნიუ-იორკის დემოკრატ მერს, ერიკ ადამსს ბრალი უკვე წარუდგინა.
NYT-ის თქმით, ბრალის წარდგენის შესახებ საჯაროდ დღეს გახდება ცნობილი, როდესაც ადამსი შესაძლოა სასამართლოში გამოჩნდეს, თუმცა, ქალაქის მერმა განაცხადა, რომ თუკი ბრალდებებს წარუდგენენ, ისინი "სრულად მცდარი და ტყუილებზე დაფუძნებული იქნება".
"თუ ბრალს წარმიდგენენ, მე ვიცი, რომ უდანაშაულო ვარ. მე დაუყოვნებლივ მოვითხოვ სასამართლოს, რათა ნიუ-იორკელებმა სიმართლე გაიგონ". - განაცხადა მან მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული პარტიის პოლიტიკოსები მას გადადგომისკენ მოუწოდებდნენ. ერიკ ადამსის თქმით, "თქვენ მე ამ ქალაქის სამართავად ამირჩიეთ, და ასეც მოვიქცევი".
ადამსი ნიუ-იორკის 110 მერს შორის პირველი იქნება, რომელსაც სისხლის სამართლის საქმეში ბრალი თანამდებობაზე ყოფნის დროს წარუდგინეს.
ბრალდებების წარდგენამდე, 2023 წლის ნოემბერში, აშშ-ს ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI) ადამსის ელექტრონული მოწყობილობები გაჩხრიკა, ხოლო კორუფციის საქმეში მიმდინარე სხვადასხვა ფედერალური გამოძიების ფონზე, ბოლო კვირებში ქალაქის რამდენიმე მაღალჩინოსანმა თანამდებობა დატოვა.
მანჰეტენის პროკურორის წარმომადგენელმა საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. ამასთანავე, კომენტარის მოთხოვნაზე პასუხი არ გაუციათ ადამსის ადვოკატებსაც, თუმცა, თავად ადამსმა განაცხადა, რომ ბრალდებები "გასაკვირი არ იქნება" იმ "ჭორებისა და გაჟონილი ინფორმაციის" გათვალისწინებით, რომლის მიზანიც მისი რეპუტაციისთვის ძირის გამოთხრაა.





