ოსვენციმი

რუსეთის დელეგაცია ოსვენციმის გათავისუფლების 80 წლისთავზე არ დაპატიჟეს

ოსვენციმის მუზეუმი
BBC

რუსეთის დელეგაციას ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ დაპატიჟებენ. ამის შესახებ მემორიალურ კომპლექს აუშვიც-ბირკენაუს დირექტორმა პიოტრ ცივინსკიმ ილაპარაკა:

"ეს არის გათავისუფლების წლისთავი. გვახსოვს მსხვერპლები, მაგრამ ამავდროულად პატივს მივაგებთ თავისუფლებას. რთული წარმოსადგენია რუსეთის აქ ყოფნა, რომელიც აშკარად ვერ იაზრებს თავისუფლების ღირებულებას". 

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი 1945 წლის 27 იანვარს საბჭოთა ჯარებმა გაათავისუფლა. მიუხედავად ამისა, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის დელეგაციას ხსოვნის ღონისძიებებზე არ პატიჟებენ. გადაწყვეტილება მუზეუმის ადმინისტრაციამ მიიღო.

2023 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მუზეუმის დირექციის გადაწყვეტილებას "ისტორიის გადაწერის მცდელობა" უწოდა.

ოსვენციმის გათავისუფლების 80 წლისთავის აღნიშვნა 2025 წლის 27 იანვარს არის დაგეგმილი.

ოსვენციმის სიკვდილის ბანაკი ოკუპირებული პოლონეთის ტერიტორიაზე ნაცისტურმა გერმანიამ 1940 წელს ააშენა. 5 წლის განმავლობაში ბანაკში დაახლოებით 1.1 მილიონი ადამიანი მოკლეს. ნაცისტების მსხვერპლები ძირითადად ებრაელები იყვნენ. გარდა ამისა ბანაკში კლავდნენ საბჭოთა ტყვეებს, პოლონელებს, ბოშებს, პატიმრებს სხვადასხვა ოკუპირებული ევროპული ქვეყნებიდან.

კომენტარები