2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი

კალაძე აგვისტოს ომზე: პირველ რიგში, დამნაშავე ნაციონალური მოძრაობაა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის "პირველ დამნაშავედ" ნაციონალური მოძრაობა დაასახელა.

"დავალება შეასრულეს და ამით ქვეყანას ტერიტორიები დააკარგვინეს. ამით დავკარგეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ათი ათასობით ადამიანი დევნილად აქციეს. ეს იყო მათი მოღალატეობრივი პოლიტიკა, რისთვისაც, გარწმუნებთ და პირობას გაძლევთ, რომ პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევთ. ჩამოთვლილია, რატომაა მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო უმრავლესობა და ერთ-ერთი მათგანი არის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული. ჩვენ ვთქვით, რომ როდესაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი დადგება, ზუსტად ეს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც ოპოზიციის სახით გვევლინება, იმართება გარედან და ჰყავთ ერთი პატრონი, ყველაფერს გააკეთებს და შეეწინააღმდეგება ამ პროცესებს. ჯერ ნახეთ, ერთი პატარა ნაბიჯი გადაიდგა ამ გზაზე და რა დღეში ხართ, რა მდგომარეობაში ჩავარდით და დარწმუნებული ვარ, როდესაც უფრო კონკრეტული გახდება ეს საუბარი, შეიძლება ტანკი ითხოვოთ თქვენი პატრონებისგან და დაუპირისპირდეთ ქვეყნის მოსახლეობასა და ქვეყანას, ტერიტორიული მთლიანობა რომ აღდგეს. ეს ხართ თქვენ, სამწუხაროდ.

შემდგარი ფაქტია ის, რომ რუსეთი ოკუპანტია, ტერიტორიები ოკუპირებულია, მაგრამ ყველაზე მძიმე ისაა, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომელმაც იმოქმედა მოღალატეობრივად, გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელმაც დაღუპა ქვეყანა, დაკარგა ტერიტორიები, უამრავი ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, გმირი ჯარისკაცი დაიღუპა. ეს არის იმ მოღალატეობრივი ქმედებების ბრალი, რაც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ამას სჭირდება გამოძიება და პასუხები, რომ გასამართლდეს ყველა ის ადამიანი, ვინც მოღალატეობრივი ქმედებები ჩაიდინა. დამნაშავე არის პირველ რიგში, მოღალატე, სისხლიანი რეჟიმი, რომლის ხელმძღვანელი იყო მიხეილ სააკაშვილი და მისი ბანდის წევრები“. - თქვა კალაძემ.

თბილისის მერმა ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, მედიისა და ოპოზიციის გამოხმაურებაც შეაფასა. კალაძემ ჟურნალისტები სპეკულაციებსა და ტყუილში დაადანაშაულა.

„ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, რასაც თქვენ ქადაგებთ და ახორციელებთ, უკვე მესამე დღეა. სწორედ ამას ჰქვია პოლიტიკური სპეკულაცია, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის სამარცხვინო, რასაც თქვენ კადრულობთ. მაჩვენეთ ერთი კონკრეტული წინადადება, სადაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ჩვენ ოკუპანტებს მოვუხდით ბოდიშს. ეს არის სპეკულაციები, ტყუილი, მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. ქართული ოცნება არის ის გუნდი, რომელიც მუშაობს და დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს იმისათვის, რომ ქვეყანა გაამთლიანოს. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ყველა ღირსეული ადამიანისთვის, ვისაც უყვარს სამშობლო, არის ნომერ პირველი პრიორიტეტი და ყველაფერს გავაკეთებთ ამ გზაზე, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები". - უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს.

ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში წინასაარჩევნოდ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ "ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".

კომენტარები