არჩევნები 2024

კობახიძე ჩიკვაიძეზე: ეს არის მორიგი წინასაარჩევნო შოუ, მტკიცებულება არ არსებობს

საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს "პრობლემები აქვს" და მისი განცხადება არის "მორიგი წინასაარჩევნო შოუ".

"სადაც მტკიცებულება არ არსებობს, იქ ვერცერთ ასეთ განცხადებას ვერ ექნება ვერავითარი ფასი". - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

"ბიზნესრეკეტი იყო წინასაარჩევნო პრაქტიკა, რომელიც 2012 წლამდე და 2012 წლიდან შეწყდა. რაც შეეხება ასეთი ტიპის წინასაარჩევნო შოუებს, ჩვენ გვახსოვს ასეთი შოუები არაერთხელ, როცა ტარდებოდა არჩევნები - მაინც და მაინც არჩევნების წინ გამოდიოდნენ ხოლმე კონკრეტული ადამიანები და ასეთ რაღაცებს ამბობდნენ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, გახსოვთ ოქროაშვილის ამბები და ა.შ. და ა.შ. თუმცა, ვერცერთ ჯერზე ვერავინ ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი რამ ხდება.

ამ შემთხვევაშიც არის კაცი [გიორგი ჩიკვაიძე], ვისაც პრობლემები აქვს, ამ პრობლემებს არ მინდა ჩავუღრმავდე. ეს არის მორიგი წინასაარჩევნო შოუ, სადაც მტკიცებულება არ არსებობს, იქ ვერცერთ ასეთ განცხადებას ვერ ექნება ვერავითარი ფასი". - თქვა კობახიძემ.

გუშინ, 12 სექტემბერს ტვ პირველის ეთერში, ბიზნესმენმა, გიორგი ჩიკვაიძემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა ივანიშვილის გარემოცვა, თხოვნის შეუსრულებლობის გამო, მის დაშანტაჟებას, რაშიც, ჩიკვაიძის თქმით, ჩართული იყო პროკურატურაც.

კომენტარები