ოპოზიციის განცხადებებს, რომ ბუნდესტაგის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი არ ესწრებოდნენ, რადგან არ ეცალათ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე გამოეხმაურა.
"შალვა პაპუაშვილი დღეს არ იმყოფება თბილისში, ის არის წასული რეგიონში. [...] ყველა ამ სახელით მე შევხვდი ბუნდესტაგის დელეგაციას" - თქვა სამხარაძემ.
ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ დაესწრო შეხვედრას ირაკლი კობახიძე, სამხარაძემ უპასუხა, რომ პრემიერმინისტრის შესახებ ვერაფერს იტყვის.
როგორც სამხარაძე აღნიშნავს, "წინასაარჩევნო პერიოდში პარლამენტის თავმჯდომარისთვის უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ შეხვდეს საკუთარ ამომრჩეველს და საკუთარ მოსახლეობას, ვიდრე ნებისმიერ სხვას".
მისი თქმით, "საქართველოს მოქალაქე და საქართველოს მოქალაქესთან შეხვედრა ყოველთვის არის პრიორიტეტული და ყოველთვის უნდა იყოს პრიორიტეტული ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის.
ის ფაქტი, რომ ჩვენთვის საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრა არის პრიორიტეტული, სწორედ ამიტომ გვაქვს ასეთი დიდი მხარდაჭერა და სწორედ ამიტომ მოვიგებთ კიდევ ერთხელ არჩევნებს" - აღნიშნა მან.
ოპოზიციური პარტიების წევრების განცხადებას ასევე გამოეხმაურა ოცნების დეპუტატი ლევან მაჭავარიანი.
"ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა და რა მაგალითსაც მეუბნებით თქვენ, რომ ბუნდესტაგის მაღალი რანგის წარმომადგენელი უკვე საქართველოში იყო ჩამოსული, მეც მახსოვს მისი სიტყვით გამოსვლა, ამ მამაკაცის, მერე აღმოჩნდა, რომ თუ არ ვცდები, გათხოვილი ყოფილა ეს მამაკაცი. მან ე.ი. ქართველებს მიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ქრისტიანობა ასოცირდება სიბნელესთან. ეგრე გამოუვიდა. [...]
რა განცხადებაც მან გააკეთა იყო ძალიან შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი კულტურისთვის, ჩვენი იდენტობისთვის" - თქვა მაჭავარიანმა.





