საფრანგეთი

მაკრონმა პრემიერმინისტრად რესპუბლიკური პარტიის წევრი, მიშელ ბარნიე დაასახელა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ახალ პრემიერმინისტრად მიშელ ბარნიე დაასახელა. ბარნიე 2016-2021 წლებში ბრექსითის მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენელი იყო.

საფრანგეთის რესპუბლიკური პარტიის წევრი და ყოფილი ევროკომისარი საფრანგეთის მთავრობაში სხვადასხვა დროს არაერთ თანამდებობას იკავებდა, მათ შორის, ხელმძღვანელობდა გარემოს დაცვის, საგარეო საქმეთა, სახელმწიფო საქმეთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს.

73 წლის პოლიტიკოსი ახალ მინისტრთა კაბინეტს დაასახელებს, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. 

მარინ ლე პენის თქმით, ნაციონალისტური ეროვნული ერთობა მხარდაჭერა ბერნიეს პროგრამაზე იქნება დამოკიდებული.

მემარცენე ალიანსი ახალი სახალხო ფრონტის ერთ-ერთმა ლიდერმა და პარტია ქედმოუხრელი საფრანგეთის ულტრამემარცხენე ხელმძღვანელმა, ჟან-ლუკ მელენშონმა კი განაცხადა, რომ მაკრონის მიერ მემარჯვენე კანდიდატის დასახელება ნიშნავს, რომ მან "ფრანგებს არჩევნები მოპარა". 

მიუხედავად ამისა, მოქმედის მთავრობის ერთ-ერთმა მინისტრმა AFP-სთან ანონიმურ საუბარში აღნიშნა, რომ "ბარნიე მემარჯვენე პარლამენტარებს შორის პოპულარებით სარგებლობს და ის არც მემარცხენეებისთვის არის გამაღიზიანებელი".


აგვისტოს ბოლოს ემანუელ მაკრონმა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე მემარცენე ალიანსი ახალი სახალხო ფრონტის კანდიდატის, ლუსი კასტეს დანიშვნაზე უარი თქვა.

ივლისში ჩატარებული არჩევნების შედეგად საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება ვერც ერთმა გაერთიანებამ ვერ შეძლო – მემარცხენე ალიანსმა, ახალმა სახალხო ფრონტმა 577-ადგილიან ეროვნულ ასამბლეაში 190 ადგილი აიღო. მეორე ადგილზე მაკრონის ცენტრისტული ალიანსი გავიდა დაახლოებით 160 ადგილით, მემარჯვენე ეროვნულმა გაერთიანებამ, მარინ ლე პენის ხელმძღვანელობით, 140 მანდატით მესამე ადგილი დაიკავა.

კომენტარები