აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ ჰაკერულ ჯგუფ RaHDit-ზე ინფორმაციის სანაცვლოდ 10 მილიონ დოლარამდე ჯილდოს აწესებს. ინფორმაციას სახელმიწფო დეპარტამენტთან ერთად საქართველოში აშშ-ს საელჩოც ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზემოხსენებულ ჰაკერულ ჯგუფს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ოფიცერი, ალექსეი გარაშჩენკო ხელმძღვანელობს და სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო პროცესში ჩარევის ისტორია აქვს.
"აღნიშნული ჰაკერული ჯგუფი დაკავშირებულია რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალება RT-სთან და რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან. მისი ხელმძღვანელი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ოფიცერი ალექსეი გარაშჩენკოა.
RaHDit-ს აქვს სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო პროცესში ჩარევის ისტორია. ამასთანავე, კიბერშეწყობილი გავლენის ოპერაციებით, ჯგუფი აღიქმება ჩარევის მცდელობის საფრთხედ აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია RaHDit-ის, მასთან დაკავშირებული პირებისა და სუბიექტების ან რუსული მთავრობისგან მართულ მცდელობებზე, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის არჩევნებში ჩარევას, დაუკავშირდით სახელმწიფო დეპარტამენტს Signal-ის, Telegram-ის, WhatsApp-ის ნომერზე: +1-202-702-7843 ან დაცული ბმულიდან, რომელიც წითლადაა მითითებული პოსტერზე. თქვენმა ინფორმაციამ, შესაძლოა, მოგცეთ ჯილდოსა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის უფლება". - წერია საელჩოს განცხადებაში.





