ჩანაწერში, რომელიც გაკეთდა კონსტიტუციური შეთანხმების დროს, იქ მაშინ ვერ მოხერხდა ჩაწერა და აღნიშვნა იმის, რომ ეკლესიას აქვს თანამედროვე ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი ფუნქცია. იქ აქცენტი გაკეთებული იყო მხოლოდ ისტორიულ მნიშვნელობაზე. მაშინაც იყო სურვილი ამის ჩაწერის, გარემოებებმა შეუშალა ხელი. დღეს ამის ჩაწერა იქნება, პრინციპში, აღიარება და კონსტატაცია რეალობის. [...]
ჯერჯერობით ამაზე დაწვრილებით არ ყოფილა მსჯელობა, თუმცა, აქვე შეიძლება ითქვას მნიშვნელობა საკონსტიტუციო შეთანხმების ჩაშლისა საკანონმდებლო დონეზე. ჩვენ ვიცით, რომ საკანონმდებლო აქტებში საჭირო არის თანხვედრა იმისა, რაც ამ საკონსტიტუციო შეთანხმებაში არის და შესაძლოა, რომ ამ ინიციატივამ დააჩქაროს იმ კომისიების მუშაობა, რომლებიც სწორედ ამ საკითხებზე იმუშავებენ. [...]
კონკორდატის ფარგლებში არაფერი იცვლება. კონკორდატი რჩება ძირითად სახელმძღვანელოდ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობაში. ზოგადად, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების სამი კატეგორია არსებობს. ეს არის მკაცრი სეკულარიზმი, როდესაც ეკლესია და სახელმწიფო მკაცრად გამიჯნულია ერთმანეთისგან, არის დაქვემდებარებული მდგომარეობა და არსებობს ხელშეკრულებით დადგენილი ურთიერთობები. ჩვენს შემთხვევაში, საკონსტიტუციო შეთანხმება არის სწორედ ასეთი მექანიზმი და ეს იქნება წამყვანი შემდგომშიც, ამას არაფერი არ შეეხება. [...]
თავდაპირველად შეთავაზება ჩვენთან სწორედ ამ ფორმით [მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება] შემოვიდა. ოღონდ, კარგად უნდა გავიაზროთ ეს, რომ ეს არ ყოფილა რაიმე კატეგორიული მოთხოვნა, ან უალტერნატივო ფორმა. უბრალოდ, ყველაფერმა, იმ პირობებმა, რაც ბოლო პერიოდში ეკლესიის გარშემო მიმდინარეობს, განაპირობა სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ინიციატივა.
მხედველობაში მაქვს ეკლესიის წინააღმდეგ ცილისმწამებლური და მიზანმიმართული დისკრედიტაციული კამპანია, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობს და ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლგბტ პროპაგანდის ინტენსიურ ხაზს ვხედავთ ეკლესიის ოპონენტების მხრიდან და განმსაზღვრელი აღმოჩნდა ეს ხაზი ეკლესიასა და ნაწილ არასამთავრობოებსა თუ პოლიტიკურ პარტიებს შორის. ალბათ, აი ეს გარემოებები გახდა მიზეზი იმისა, რომ სახელმწიფოს გადმოედგა ეს ნაბიჯი.
როდესაც შედგა შემდგომი დიალოგი ხელისუფლებასთან, სრულიად ცხადი გახდა, რომ უალტერნატივო არ იყო ეს შეთავაზება. ეს იყო შეკითხვის სახით დასმული, ხომ არ იქნებოდა მიზანშეწონილი და რას ფიქრობდა ამაზე მართლმადიდებლური ეკლესია, რომ ასეთი ჩანაწერი გაკეთებულიყო. თუმცა, მსჯელობის შემდეგ, მღვდელმთავრების და სპეციალისტების ჩართულობით და ხელისუფლებასთან კონსულტაციის შემდგომ, შეირჩა სხვა ფორმა. თუმცა, ეს ფორმაც საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის, უფრო შეიძლება ითქვას, რომ პრინციპებზე შევჯერდით ხელისუფლებასთან და ეს კონსულტაციები ამ კუთხით, რომ ეს პრინციპები შეირჩა ორივე მხარისთვის მისაღებია, შეიძლება ითქვას, რომ შედეგიანი იყო.