საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 13% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი 7 თვის საშუალო მაჩვენებელი 9.7%-ით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობითვე, ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ვაჭრობა.
კლების ტენდენცია იყო ენერგეტიკის სექტორში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, "თამამად შეიძლება ითქვას, რომ ივლისის თვე მთელი რიგი ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, რეკორდულია".
"ის ეკონომიკური დინამიკა, რომელიც ქვეყანაში მთელი წლის განმავლობაში ფიქსირდება, რა თქმა უნდა, ნათლად მიანიშნებს და ხაზს უსვამს თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას და იმ რეფორმებს, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ახორციელებს მთელი რიგი ეკონომიკური მიმართულებებით“- აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.