გორში, კლინიკა გორმედში საკეისრო კვეთის დროს 30 წლის ქალი, მაგდა ბალიაშვილი დაიღუპა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, მიმდინარეობს ექსპერტიზა, რის შემდეგაც ოჯახს იმედი აქვს, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგინდება.
"კლინიკამ გვითხრა თავიდან, თრომბი არისო, შემდეგ გვითხრეს არ აღმოჩნდა თრომბი, ფარული სისხლისდენააო, კუჭის წყლული ხომ არ ჰქონდაო, გვკითხეს. მე ვუთხარი, რომ არანაირი კუჭის წყლული არ ჰქონია.
ისიც არ იკადრეს, რომ თვითონ მოსულიყვნენ და ეთქვათ პაციენტის დაღუპვის შესახებ. პოლიციელი მომიგზავნეს და მან მითხრა, აპარატი უნდა გამოვრთოთ, აზრი აღარ აქვსო. ოთხი წლის დამრჩა გოგო და 15 დღის ბიჭი მყავს. ახლა ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. ყველა ღონეს ვიხმარებ, რომ ექსპერტიზის პასუხი მოვიდეს ზუსტი და დაადგინონ ზუსტი მიზეზი". - თქვა გარდაცვლილის ქმარმა.
გორმედის პრესსამსახურის განცხადებით, პაციენტი კლინიკაში დაწყებული მშობიარობით შეიყვანეს, საჭირო გახდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა დამძიმდა, ამიტომ ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, რა დროსაც პაციენტს გული გაუჩერდა. კლინიკის ცნობით, მშობიარე პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი სამსახურების მიერ.
გორმედის სამედიცინო ცენტრის ვარაუდით, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი სანაყოფე გზების თრომბოემბოლია გახდა.
"გორმედში მშობიარე პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი სამსახურების მიერ. პაციენტი გორმედის სამშობიარო ცენტრში შეიყვანეს დაწყებული მშობიარობით. მშობიარეს აღენიშნებოდა პრეკლამფსია და ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა.
უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტთან დაფიქსირებულია წინა პრობლემური მშობიარობებიც.
საკეისრო კვეთის შედეგად გადარჩენილია ნაყოფი; ნაყოფის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, (ბავშვი გადაყვანილ იქნა შესაბამის კლინიკაში).
ვინაიდან საკეისრო კვეთის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, მას ჩაუტარდა გადაუდებელი, აუცილებელი ოპერაცია, რომლის დროსაც დაფიქსირდა გულის გაჩერება. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ უკვე განხორციელდა პაციენტისთვის მიწოდებული სერვისების ხარისხის შემოწმება და არანაირი ხარვეზი არ გამოვლინდა.
ამ ეტაპზე კლინიკა ელოდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც აუცილებლად გაასაჯაროებს და ექნება შესაბამისი, ადეკვატური რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. გორმედის სამედიცინო ცენტრის ვარაუდით პაციენტის გარდაცვალების მიზეზი სანაყოფე გზების თრომბოემბოლია გახდა.
გორმედის სამედიცინო ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. სამწუხაროდ, კლინიკას დამატებითი ინფორმაციის მოწოდება არ შეუძლია, რადგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ავალდებულებს პაციენტის პერსონალური მონაცემების დაცვას". - ნათქვამია განცხადებაში.





