ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ნასრალა: ჰეზბოლამ იერიში ჰამას-ისრაელს შორის მოლაპარაკებებისთვის დროის მისაცემად გადადო

ჰეზბოლას ლიდერი, ჰასან ნასრალა ისრაელი-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ გავრცელებული პირველი მიმართვისას, 2023 წლის 3 ნოემბერი
Al-Manar via REUTERS

ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლას ლიდერმა ჰასან ნასრალამ დღეს, 25 აგვისტოს, ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ 30 ივლისს დაჯგუფების ლიდერის, ფუად შუქრის მკვლელობაზე დაგვიანებული პასუხი რეგიონში ისრაელისა და აშშ-ს სამხედრო მობილიზაცია იყო.

ნასრალა სიტყვით მას შემდეგ გამოვიდა, რაც ისრაელმა ლიბანში ჰეზბოლას ობიექტებზე ასამდე ავიაგამანადგურებლის გამოყენებით შემაკავებელი დარტყმები მიიტანა. თავის მხრივ, ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებამ ისრაელის მიმართულებით რაკეტები და დრონები ისროლა.

ნასრალას თქმით, პასუხის გადადების მიზეზი ასევე ისრაელის დასჯა იყო, რადგან ამგვარად ისრაელი თავდასხმის მოლოდინში თითქმის ერთი თვის განმავლობაში იყო.

მან ასევე ერთ-ერთ მიზეზად ისიც დაასახელა, რომ ჰეზბოლა ჰამასსა და ისრაელს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგებს ელოდება.

ამასთანავე, ჰეზბოლას მხრიდან მოსალოდნელ თავდასხმასთან დაკავშირებით ნასრალამ განაცხადა, რომ ჰეზბოლასა და სხვა "წინააღმდეგობის ღერძის" წევრებს (ირანი და მისი მარიონეტული დაჯგუფებები) შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა იმის თაობაზე, ერთობლივი იქნებოდა თუ ინდივიდუალური ისრაელზე საპასუხო თავდასხმა.

კომენტარები