რუსული კანონი

ომბუდსმენი რუსული კანონის წინააღმდეგ სხდომაზე სასამართლოს მეგობრის სახით წარდგება

სახალხო დამცველის აპარატი

ომბუდსმენის, ლევან იოსელიანის ცნობით, საკონსტიტუციოს სასამართლოში, რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელების განხილვისას სასამართლოს მეგობრის სტატუსით წარდგება.

იოსელიანის ცნობით, "სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ეხმიანება აბსოლუტურად ყველა სარჩელს", რომელიც პროცესზე იქნება წარმოდგენილი.

"ამ ეტაპზე, რაც ნამდვილად გადაწყვეტილი გვაქვს არის ის, რომ ჩვენ წარვადგენთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაც, რომელიც, ჩემი აზრით, კიდევ უფრო დაეხმარება სასამართლოს იმაში, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ეხმიანება აბსოლუტურად ყველა სარჩელს, რომელიც არის წარდგენილი, ეს არ არის რომელიმეს სასარგებლოდ, ეს არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შექმნილი დოკუმენტი, რომელიც სასამართლოს ეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და უიოლებს მას სამართლებრივი არგუმენტაციის მოძიებას და დასაბუთებას". - თქვა იოსელიანმა.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 29 ივლისს შეიტანა.

სარჩელს ხელს 32 ოპოზიციონერი დეპუტატი აწერს და ისინი სასამართლოსგან რუსული კანონის კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუსაბამობის დადასტურებასა და მის გაუქმებას ითხოვენ.

სარჩელზე ხელმომწერებს შორის არ იქნებიან გირჩის წევრები. იაგო ხვიჩიას თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების ოპტიმიზმი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, გასაკვირია. 

"არ გვჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელია. როდესაც კვოტების კანონი გვქონდა გასაჩივრებული და სასაცილო გადაწყვეტილება გამოიტანეს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ ვენდოთ ამ სასამართლოს, როგორც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ ინსტიტუტს. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სხვების ოპტიმიზმი უნდა გვიკვირდეს" - თქვა ხვიჩიამ.

11 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რუსული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრის დაწყებამდე პარტია სამართლიანობისთვის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საკონსტიტუციოში სარჩელს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან დაკავშირებით პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეიტანს.

30 მაისს, რუსული კანონის საბოლოოდ მიღების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და თქვეს, რომ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

"ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე. ამისათვის ვამზადებთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად და უახლოეს პერიოდში მივმართავთ მას". - ნათქვამი იყო NGO-ების განცხადებაში.

კომენტარები