აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ავიამზიდი USS Abraham Lincoln ჩავიდა, რომელსაც ესკორტირებას მართვადი რაკეტებით შეიარაღებული ორი ესკადრის ნაღმოსანი უწევდა.
ავიამზიდზე F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებია განთავსებული და იგი რეგიონში უკვე განლაგებულ ამერიკულ ხომალდებს შეუერთდება, მათ შორის ავიამზიდ USS Theodore Roosevelt-საც, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ივლისის თვის შუა რიცხვებში გაგზავნეს.
ავიამზიდების გარდა აშშ-მ რეგიონში მართვადი რაკეტებით შეიარაღებული წყალქვეშა ნავის USS Georgia გაგზავნის ბრძანებაც გასცა.
ამერიკამ რეგიონში დამატებითი ძალების გაგზავნის ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც ირანმა და ლიბანში ირანის მარიონეტულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ პირობა დადეს, რომ ისრაელის იერიშებს პასუხს გასცემდნენ. ივლისის ბოლოს ისრაელის საჰაერო დარტყმებს ბეირუთში ჰეზბოლას მეთაური ფუად შუქრი და თეირანში ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანია ემსხვერპლნენ.
აპრილის თვეში ისრაელს ირანიდან გაშვებული რაკეტების მოგერიებაში აშშ-ს სამხედრო-საზღვაო საესკადრო ნაღმოსნები დაეხმარნენ. ირანმა აღნიშნული საპასუხო იერიშის ფარგლებში ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი რაკეტა და დრონი გაუშვა, თუმცა ისრაელმა, თავდაცვითი ქმედებების წყალობით და მოკავშირეების დახმარებით, მათი დიდი უმრავლესობის მოგერიება შეძლო.





