Meta-ს კვარტალური ანგარიშის მიხედვით, პლატფორმიდან 76 Facebook ანგარიში, 30 გვერდი, და 11 Instagram-ის ანგარიში წაშალეს, რადგან ისინი კოორდინირებული არაავთენტური ქმედების წინააღმდეგ Meta-ს პოლიტიკას არღვევდნენ.
ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული გვერდებისა და ანგარიშების ქსელის წყარო რუსეთი იყო და მის სამიზნეს საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი წარმოადგენდა.
Meta-ს ცნობით, საქართველოში ეს გვერდები და ანგარიშები ბოლო პერიოდში რუსულ კანონთან დაკავშირებით გამართული დემონსტრაციების საწინააღმდეგო პოსტებს ავრცელებდნენ. მიზანმიმართული კამპანიის ფარგლებში, ისინი დემონსტრანტებს აკრიტიკებდნენ, ხოლო მმართველ "ქართული ოცნების" პარტიას უჭერდნენ მხარს.
ამას გარდა, აზერბაიჯანში ეს ქსელი ადგილობრივ მოვლენებს ეხმაურებოდა და დასავლეთს აკრიტიკებდა, ხოლო სომხეთში იგივე ანგარიშები პოლიტიკასთან დაკავშირებით ავრცელებდნენ პოსტებს, რომელიც პრორუსულ კომენტარებს შეიცავდა.
ამასთანავე, Meta-ს ანგარიშში წერია, რომ მათი ქმედებების მიუხედავად, აღნიშნული ვებსაიტები ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე პოსტებისა და "ახალი ამბების" გამოქვეყნებას განაგრძობენ.
Meta-ს ინფორმაციით, ამ გვერდებიდან ზოგიერთს დაახლოებით 3 800-მდე გამომწერი ჰყავდა. ხოლო მათ მიერ სარეკლამო კამპანიებზე დახარჯული თანხის ოდენობა $77 000-ს აღწევდა.





