ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ჰამასმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი თქვა

Getty Images

პალესტინურმა ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხუთშაბათს, 15 აგვისტოს დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი თქვა

9 აგვისტოს აშშ-მ, ეგვიპტემ და კატარმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომლითაც ისრაელს და ჰამასს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევალთა გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობისკენ მოუწოდეს. შემოთავაზებაზე უარი ჰამასმა ადრეც განაცხადა, თუმცა მას შემდეგ კატარი აქტიურად ცდილობდა ჰამასის დარწმუნებას, დასწრებოდა 15 აგვისტოს დოჰაში დაგეგმილ სამიტს. 

როგორც დაჯგუფების მაღალჩინოსნები გავლენიან გამოცემებს ეუბნებიან, ჰამასს არ სურს მოლაპარაკებების ახალი რაუნდი, რადგან მხოლოდ "2 ივლისს შემოთავაზებული შეთანხმების პირობების ერთგული რჩება". 

ისრაელის დელეგაცია სამიტს დაესწრება. 

ცნობისთვის, ირანის 3-მა მაღალჩინოსანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიას მკვლელობის გამო ისრაელზე საპასუხო იერიშს "გადადებს" მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი და ჰამასი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწევენ. უცნობია, თუ რა გავლენას იქონიებს ჰამასის მიერ მოლაპარაკებებზე უარის თქმა ირანის გადაწყვეტილებაზე. 


ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 31 ივლისს ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ჰამასისა და ჰეზბოლას ლიდერების, ისმაინ ჰანიასა და ფუად შუქრის მკვლელობების საპასუხოდ ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა. 

ჯერჯერობით ისევ უცნობი რჩება, რამდენად მასშტაბური იქნება ირანის პასუხი. ისრაელს სამხედრო ესკალაციისთვისა და ირანის იერიში მოსაგერიებლად მზადება უკვე დაწყებული აქვს. 

31 ივლისის გამთენიისას ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში აფეთქებას ემსხვერპლა. ერთი დღით ადრე ჰანია, რომელიც წლების განმავლობაში კატარში ცხოვრობდა, ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ჩავიდა. იერიში ჰამასმა და ირანმა ისრაელს დააბრალა. იერუსალიმი ბრალდებას არც ადასტურებს და არც უარყოფს. 

კომენტარები